მიმდინარე წლის ივლისში, ლეგენდარულმა იტალიელმა დიზაინერმა, ჯორჯო არმანიმ 90 წლის იუბილე აღნიშნა, მომავალ წელს კი, Armani -ს ბრენდის დაარსებიდან 50 წელი გადის. განსაკუთრებულ თარიღებთან დაკავშირებით, დიზაინერი მასშტაბურ პროექტებსა და ღონისძიებებს აწყობს. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება 17 ოქტომბერს, ნიუ-იორკში გაიმართა. “One Night Only“ კონცეფციის ფარგლებში, მოდის სახლის 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართა, რომელსაც 650 სტუმარი დაესწრო.

ტრადიციულად, არმანი კოლექციებს მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში მართავს, მაგრამ 90 წლის იუბილისა და მედისონ ავენიუზე ახალი მაღაზიის გახსნის ფონზე, დიზაინერმა გადაწყვიტა, რომ შოუ ნიუ-იორკში გაემართა. “მოხარული ვარ ნიუ-იორკში დაბრუნებით, ჩემი ამ ქალაქში გატარებული დრო ყოველთვის გამორჩეული იყო და ჩემს კარიერაში მნიშვნელოვან მომენტებთან ასოცირდება,” – განაცხადა დიზაინერმა.

Giorgio Armani გაზაფხული/ზაფხული 2025 ნიუ-იორკში

“One Night Only” კონცეფცია არმანიმ პირველად 2006 წელს ლონდონში წარადგინა, შემდეგ კი მსოფლიოს სხვა დიდი ქალაქებიც მოიცვა: ტოკიო 2007 წელს, პეკინი 2012 წელს, რომი და ნიუ-იორკი 2013 წელს, პარიზი 2014 წელს, დუბაი 2021 წელს და ვენეცია 2023 წელს. ღონისძიებებს, რომელთა სტუმრების რიგებშიც ყველაზე გავლენიან ვარსკვლავებს ნახავთ, ყოველთვის თან ახლავს წვეულება, ჩენება, გამოფენა თუ მაღაზიის გახსნა. გამონაკლისი არ ყოფილა ნიუ-იორკის “One Night Only” შოუ, რომელსაც ბევრი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის: ორლანდო ბლუმი, ბრი ლარსონი, ბრუკ შილდსი, აარონ ტეილერ ჯონსონი და ანა ვინტური.

კოლექცია აერთიანებდა როგორც ქალის, აგრეთვე მამაკაცის სამოსს. სილუეტები კლასიკური, ფერები მეტწილად ნეიტრალურ ტონალობაში, დომინირებდა არმანისთვის დამახასიათებელი ღია ყავისფერი, ქვიშისფერი, ნაზი ნარინჯისფერი, ბეჟი, მამაკაცებში – გაცრეცილი ნაცრისფერი და ცისფერი. კოლექციის წარდგენაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა მოდელმა თათია ახალაიამ.

იხილეთ Giorgio Armani-ს 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება: