9 თებერვალს ქალის 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის მოდის კვირეულების სეზონი ნიუ-იორკიდან დაიწყება და ტრადიციულად, მსოფლიო მოდის ოთხ უდიდეს ქალაქს მოიცავს.
9 – 14 თებერვალი: ნიუ-იორკის მოდის კვირეული
ნიუ-იორკში ხუთდღიანი ღონისძიების პირველი მნიშვნელოვანი ჩვენება Helmut Lang იქნება. გახმაურებული დებიუტის შემდეგ, ახალგაზრდა დიზაინერი, პიტერ დო მოდის სახლში თავის რიგით მეორე კოლექციას წარადგენს. კვირეულის დახურვის პატივი ამერიკელ დიზაინერთა საბჭოს მოქმედ თავმჯდომარეს, თომ ბრაუნს ხვდება წილად. როგორც გასულ სეზონებზე, ნიუ-იორკში წელსაც ვიხილავთ ევროპელ დიზაინერებს, რომლებსაც ამერიკულ ბაზარზე ბიზნესის გაძლიერება სურთ. ახალგაზრდა ფრანგი დიზაინერი Ludovic de Saint Sernin ნიუ-იორკში თავის პირველ ჩვენებას 11 თებერვალს გამართავს. სრულად კვირეულის განრიგი იხილეთ – NYFW.
16 – 20 თებერვალი: ლონდონის მოდის კვირეული
2024 წელს, ლონდონის მოდის კვირეული 40 წლის იუბილეს აღნიშნავს. სიმბოლური თარიღის აღნიშვნა კვირეულში არაერთი წვეულებით იგეგმება, თუმცა რაც შეეხება ჩვენებებს, ლონდონი ახალ სეზონზე ტრადიციულ და ნაკლებად ექსპერიმენტულ კელენდარს გვთავაზობს. მონაწილეთა შორის იქნებიან: ბარბერი, დევიდ კომა, ჯონათან ანდერსონი, სიმონ როშა, ერდემი, რიჩარდ ქუინი, მოლი გოდარდი და ბრიტანული მოდის სხვა საყვარელი სახეები. სრულად კვირეულის განრიგი იხილეთ – LFW.
20-26 თებერვალი: მილანის მოდის კვირეული
იტალიის მოდის დედაქალაქი ახალ სეზონზე დატვირთულია დებიუტებით. ახალგაზრდა დიზაინერების პირველ კოლექციებს ველით ისეთ ბრენდებში, როგორებიცაა: Moschino, Tod’s და Blumarine. ჯამში, დაგეგმილია 161 ღონისძიება, როგორც ფიზიკური, აგრეთვე ციფრული, ჩვენებების, პრეზენტაციებისა თუ წვეულებების სახით. დებიუტების გარდა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ კვირეულის უპირობო ლიდერები: Gucci, Prada, Dolce & Gabbana, Versace და Giorgio Armani. სრულად მილანის მოდის კვირეულის ახალი სეზონის კალენდარი იხილეთ – MFW.
26 თებერვალი-5 მარტი: პარიზის მოდის კვირეული
ყველაზე ხანგრძლივი მოდის კვირეული ტრადიციულად პარიზში გაიმართება. ცხრა დღის განმავლობაში, საფრანგეთის დედაქალაქში ახალ კოლექციებს წარადგენენ: Hermès, Dior, Saint Laurent, Miu Miu, Loewe, Balenciaga და Chanel. განსაკუთრებულ ყურადღებას დაიმსახურებს ალექსანდრ მაკქუინის შოუც. ბრიტანულ ბრენდში ახალი კრეატიული დირექტორის, შონ მაკგაირის სადებიუტო კოლექციის ჩვენება იგეგმება. რაც შეეხება ფინალს, პარიზის მოდის კვირეულს და შესაბამისად, მთლიანად მოდის თვეს ნიკოლა ჟესქიერი ლუი ვიტონის ახალი კოლექციის ჩვენებით დახურავს. სრულად პარიზის მოდის კვირეულის ახალი სეზონის კალენდარი იხილეთ – PFW.
თვალი ადევნეთ Fashionholics Online -ის სოციალური ქსელების არხებს, Facebook-სა და Instagram-ზე, რათა არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი სიახლეები მოდის კვირეულის ახალი სეზონიდან და არა მხოლოდ. აგრეთვე გაწევრიანდით ჯგუფში: Fashionholics.