სექტემბერი მოდის კალენდარში ყველაზე მნიშვნელოვანი და დატვირთული თვეა. ეს წელიწადის ის დროა, როცა ზედიზედ ოთხი კვირის განმავლობაში, საერთაშორისო ბრენდები მომავალი წლის კოლექციებს წარადგენენ.

ახალი სეზონი წელს 8 სექტემბერს იხსნება და 3 ოქტომბრამდე გასტანს. ნიუ-იორკი, ლონდონი, მილანი და პარიზი, ამ თანმიმდევრობით, მსოფლიოს ცნობილი მოდის სახლები 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებს შემოგვთავაზებენ.

ამერიკის დიზაინერთა საბჭოს, CFDA-ის ინფორმაციით, ნიუ-იორკის მოდის კვირეული, რომელიც 8 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, 71 ბრენდისა და დიზაინერის შოუს გააერთიანებს. მათ შორის იქნებიან ახალბედებიც და ამერიკული მოდის ლეგენდები. რალფ ლორენი, რომელიც გასული სეზონები, აშშ-ის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებში მართავდა პრეზენტაციებს, 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე ნიუ-იორკს უბრუნდება. ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ოფიციალურ კალენდარში ლეგენდარული დიზაინერის დაბრუნებას თან ახლავს მღელვარება, რომელიც უკვე შესამჩნევია როგორც პრესაში, აგრეთვე სოციალურ ქსელებში. რაც შეეხება ამერიკული მოდის ინდუსტრიის ახალ თაობას, ყველაზე დიდ ყურადღებას იმსახურებს Peter Do, რომელმაც აღიარება საკუთარი სახელობის ბრენდში წარმოდგენილი მინიმალისტური კოლექციებით მოიპოვა. როგორც ჩვენი მკითხველისათვის ცნობილია, ცოტა ხნის წინ, პიტერი Helmut Lang -ის შემოქმედებით დირექტორად დასახელდა, მისი დებიუტი კი, სწორედ 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე შედგება. ნიუ-იორკის მოდის კვირეულის სრული კალენდარი შეგიძლიათ იხილოთ CFDA-ის ოფიციალურ საიტზე.

Ralph Lauren-ის 2016 წლის ჩვენება ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე

ნიუ-იორკისგან განსხვავებით, ლონდონში მნიშვნელოვანი დებიუტები არ იგეგმება, თუმცა ყველას ყურადღება კვლავაც მიპყრობილი იქნება Burberry-სკენ, სადაც დანიელ ლი თავის რიგით მეორე ძირითად კოლექციას წარადგენს. ბრიტანული მოდის საბჭოს ინფორმაციით, Burberry-ის ჩვენება 18 სექტემბერს იგეგმება. ტრადიციულად, ლონდონის მოდის კვირეულის ოფიციალურ კალენდარში ვხვდებით ბრიტანული მოდის ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: JW Anderson, Simone Rocha, Roksanda, Molly Goddard, Erdem და David koma. ქართველი დიზაინერი, დავით კომახიძე David Koma-ს 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციას 16 სექტემბერს, ლონდონის დროით, საღამოს 20:00 საათზე გამართავს. ლონდონის მოდის კვირეულის სრული კალენდარი შეგიძლიათ იხილოთ ბრიტანული მოდის საბჭოს ოფიციალურ საიტზე.

David Koma-ს 2022 წლის ჩვენება ლონდონის მოდის კვირეულზე

ტრადიციულად, მილანი და პარიზი მეტად დატვირთულია ამაღელვებელი მომენტებით. ამ მხრივ არც 2024 წლის ზაფხულის სეზონია გამონაკლისი. 21 და 22 სექტემბერს დაგეგმილია სეზონის ყველაზე გახმაურებული დებიუტები. 21 სექტემბერს, ბრენდი Tom Ford პირველ ჩვენებას გამართავს ტომ ფორდის გარეშე. გასულ წელს, ამერიკელმა დიზაინერმა საკუთარი სახელობის ბრენდი სილამაზის ინდუსტრიაში სახელგანთქმულ კონგლომერატს, Estée Lauder-ს 2.8 მილიარდ დოლარად მიჰყიდა. მსხვილი გარიგების შემდეგ, ფორდმა ბრენდიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც მოჰყვა Tom Ford-ში ახალი კრეატიული დირექტორის, ტომ ფორდის ხანგრძლივი კოლაბორანტის, პიტერ ჰოკინგსის დანიშნვა. მიუხედავად იმისა, რომ Tom Ford ამერიკული ბრენდია და ჩვენებებს ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში მართავს, თავისი პირველი შოუსთვის, პიტერ ჰოკინგსმა ნიუ-იორკის ნაცვლად მილანი არჩია. სწორედ მილანში, Gucci-ს მოდის სახლში, დაიწყო პიტერისა და ტომ ფორდის 25 წლიანი თანამშრომლობა. სიმბოლურია, რომ 22 სექტემბერს მილანში მეორე გახმაურებული დებიუტი Gucci-ში იგეგმება. საბატო დე სარნო, Valentino-ს ყოფილი დიზაინერი, ალესანდრო მიკელეს შეცვლის. Gucci-ს ახალი მიმართულება კი, ის არის, რაც თანამედროვე მოდის ინდუსტრიას და მის გულშემატკივრებს ყველაზე მეტად აინტერესებთ. მილანის მოდის კვირეულის კალენდარის სანახავად მიჰყევით ლინკს.

რაც შეეხება მოდის კვირეულების დიდი ოთხეულის საბოლოო დანიშნულების ადგილს – პარიზს,  საფრანგეთის დედაქალაქში 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციების ჩვენებები და პრეზენტაციები 25 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით მოეწყობა. კვირეულში მონაწილეობას სულ 108 ბრენდი მიიღებს. ღონისძიება Marie Adam-Leenaerdt-ის ჩვენებით გაიხსნება. ბელგიელი დიზაინერის შემდეგ, განრიგში ქართული ბრენდის, Situationist-ის სახელი გვხვდება, რომლის პრეზენტაციაც პარიზის დროით 16:30 საათზე არის დაგეგმილი. Balenciaga-ს ქართველი კრეატიული დირექტორი დემნა კი ფრანგული მოდის სახლისთვის თავის ახალ კოლექციას პირველ ოქტომბერს წარადგენს. განრიგში ვხვდებით ვხვდებით ისეთ საკულტო ბრენდებს, როგორებიცაა: Louis Vuitton, Saint Laurent, Chanel, Balmain, Dior, Hermès, Schiaparelli, Givenchy, Valentino და ა.შ. სრულად განრიგი.