ოტ კუტიური ფრანგული ფრაზაა და მაღალ მოდას ნიშნავს. მაღალი მოდის (ოტ კუტიურ) სამოსი, როგორც წესი, შეკვეთით მზადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, კონკრეტული კაბა განკუთვნილია მხოლოდ კონკრეტული კლიენტისთვის. ზოგი კაბა მზადდება თვეების განმავლობაში, შესაძლოა 5 მკერავზე მეტი მუშაობდეს მათზე.კუტიურის სწორედ ეს თვისება გამოავლინა პიერპაოლო პიჩოლიმ ვალენტინოს ახალ ოტ კუტიურ კოლექციაში. იტალიელმა დიზაინერმა ახალი ჩვენება ინდივიდუალიზმს მიუძღვნა, როგორც მაღალი მოდის სამოსის მთავარ გამოხატულებას. ყოველდღიური (ე.წ Ready to wear) სამოსისგან განსხვავებით, რომელიც წარმოებაში ძალიან დიდი ოდენობით ეშვება და ზოგადი სტანდარტით ყველას ერგება, ოტ კუტიური ინდივიდუალურია და მორგებულია კონკრეტულად იმ 1 ქალს ვისთვისაც შეიქმნა. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, კანის ფერს, წარმომავლობას, თუ ინდივიდუალიზმი გაქვს, ოტ კუტიური შენთვის არის. ასეთია პიერპაოლოს ხედვა, რომელიც ახლა პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური კუტიურიეა.
75 წლის ლორენ ჰატონი ვალენტინოს 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის ოტ კუტიურ კოლექციის ჩვენებაზე.
პიერპაოლოს საქმიანობაში სიყვარული და პატივისცემა იგრძნობა. თითოეული დეტალი, რომელსაც ქმნის, მოდელი, რომელსაც აცმევს, მკერავი, რომელსაც მითითებებს აძლევს მისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი და პატივსაცემია. ვფიქრობ, სწორედ ეს ხდის პიჩოლის მომენტის საუკეთესო ხმას ოტ კუტიურ კვირეულში. შეიძლება კოლექციაში ხარვეზებზე ვისაუბროთ, მაგრამ იტალიელი იმდენად დიდ სულს და ემოციას დებს თავის ნაშრომში, რომ ჩვენების სხვა მინუსები უმნიშვნელო ხდება. ახალ კოლექციაში თითოეულ ლუქს იმ მკერავის სახელი ჰქვია, ვინც საათების განმავლობაში მუშაობდა სასურველი შედეგის მისაღებად. ჩვენების ბოლოს პიჩოლიმ აპლოდისმენტების მისაღებად შემოქმედებითი პროცესის ის გუნდი გამოუშვა, რომელიც როგორც ყოველთვის ძალიან ბევრს მუშაობს, თუმცა ფარდის მიღმა რჩება.
ვალენტინოს 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის ოტ კუტიური
ვიდეო : ვალენტინო 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის ოტ კუტიური
ყველა ფოტო ჩვენებიდან > Vogue.com/Valentino