ქალის 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციების მოდის კვირეული 8 სექტემბერს ნიუ-იორკში გაიხსნა და 3 ოქტომბერს პარიზში დასრულდება.
ამ სტატიაში გთავაზობთ ისტორიულ ფაქტებს ნიუ-იორკის მოდის კვირეულის შესახებ, რომელთა შესახებ შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ:
მეორე მსოფლიო ომამდე, ამერიკული მოდის ინდუსტრია აწარმოებდა კოლექციებს, რომლებსაც ევროპელი დიზაინერები ქმნიდნენ, ამიტომ აშშ-ში ოფიციალური კვირეულის ჩატარების აუცილებლობა არ არსებობდა.


1941 წელს, ევროპაში მიმდინარე ომებიდან გამოწვეული კრიზისის ფონზე, აშშ-ში პირველად გამოითქვა დამოუკიდებელი მოდური ღონისძიების ჩატარების ინიციატივა.

1943 წლის ივლისში, ამერიკული მოდის პირველი პუბლიცისტის, ელეონორ ლამბერტის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში პირველი მოდის კვირეული ჩატარდა. სწორედ ეს თარიღი მიიჩნევა დღესღეისობით ამერიკაში მოდის კვირეულების საწყისად.


1960-იან წლებში, როი ჰალსტონი იყო პირველი ამერიკელი დიზაინერი, რომელმაც მოდელებს პოდიუმზე სახასიათო პოზებისა და პიროვნულობის გამოვლინებისაკენ მოუწოდა, რამაც ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე საფუძველი ჩაუყარა კოლექციის შოუს ელემენტებით წარდგენას.

1990-იან წლებამდე, ევროპის მოდის კვირეულებთან შედარებით, ნიუ-იორკის მოდის კვირეული სერიოზულად არ აღიქმებოდა.

1998 წელს, ავსტრიელმა დიზაინერმა, ჰელმუტ ლენგმა კოლექციის წარდგენა ევროპის მაგივრად, ნიუ-იორკში სექტემბრის თვეში დააანონსა. მის გადაწყვეტილებას მხარი აუბეს კელვინ კლეინმა და დონა კარანმა, რასაც საბოლოოდ მოჰყვა ნიუ-იორკი კვირეულის მნიშვნელობის ზრდა გლობალურ მოდის ინდუსტრიაში.

და ბოლოს, დღესდღეისობით, ყოველ სეზონზე, ქალის კოლექციების საერთაშორისო მოდის კვირეულები ნიუ-იორკიდან იწყება, შემდეგ გრძელდება ლონდონში, მილანსა და პარიზში.