სიახლე დღეს დილით გავრცელდა – 52 წლის შემდეგ, პირველად, ბალენსიაგას მოდის სახლი ოტ კუტიურ კოლექციების შექმნას იწყებს.
„მაღალი მოდა ორკესტრია,სადაც მხოლოდ კრისტობალ ბალენსიაგა არის დირიჟორი. დანარჩენები მუსიკოსები ვართ, რომლებიც მის მითითებებს მივყვებით.“ – კრისტიან დიორი.
Ready-to-wear კოლექციებზე მოთხოვნის მატების შემდეგ, რომელიც შესამჩნევი გასული საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს გახდა, კრისტობალ ბალენსიაგამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც 52 წლის განმავლობაში არ გადაუხედავთ. 1968 წელს, ბალენსიაგამ ოტ კუტიურ ატელიე დახურა და მას შემდეგ, ბრენდი ყოველდღიური ტანსაცმლის შექმნაზე გადაერთო.
სედრიქ შარბი ამერიკულ ვოგთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს:
„ეს პროექტი შესაძლებელი გახდა დემნა გვასალიას ხედვის წარმატებიდან გამომდინარე და იმ გასაოცარი შედეგებით, რომელიც ბალენსიაგას გასულ რამდენიმე წელში აქვს. ჩვენ ფრანგული სახლი ვართ, პარიზს ვეკუთვნით, ვალდებულები ვართ გავაკეთოთ ჩვენი საქმე, ჩვენ ეს უნდა გავაცოცხლოთ.“
დემნა გვასალია კუტიურს აღწერს, როგორც ჯერ კიდევ შეუსწავლელ, აღმოუჩენელ შემოქმედებით თავისუფლებას და სილამაზის, ხარისხის უმაღლეს დონეს. აღსანიშნავია, რომ ქართველ დიზაინერს მაღალ მოდაში მუშაობის თითქმის 15 წლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა Haute Couture-ის მიმართულებით, ამ დრომდე, არცერთ ცნობილ ბრენდთან არ უთანამშრომლია.
ცნობილია, რომ ბრენდმა ოტ კუტიურისთვის, სხვა ხაზებისგან დამოუკიდებელი გუნდი შექმნა. მოდის სახლის ახალი გუნდი, დემნა გვასალიას ხელმძღვნელობით, Haute Couture კოლექციებზე, კრისტობალ ბალენსიაგას ისტორიული ატელიეს მისამართზე იმუშავებს.