ბრენდი Marc Jacobs კორონავირუსით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ძლიერ დააზარალა. პანდემიამ ყველა ბრენდზე იქონია გავლენა, თუმცა როგორც ირკვევა, LVMH -ის მფლობელობაში არსებული ამერიკული ბრენდი განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია, რაც გასაკვირი არ არის, რადგან Marc Jacobs – ის წლიური ბრუნვა ჯერ კიდევ 2017 წლიდან განიცდიდა კლებას.

პრესის ცნობით, ბოლო რამდენიმე კვირაში, ბრენდიდან სამოცამდე ადამიანი დაითხოვეს, მათ შორის მარკის შედარებით ხელმისაწვდომი ახალი ხაზის, The Marc Jacobs – ის მთავარი დიზაინერი,  Olympia Le-Tan. ეს უკანასკნელი საფრანგეთიდან ნიუ-იორკში საცხოვრებლად შარშან გადავიდა. მიზეზი მარკის ახალ ხაზში მიღებული სამსახური იყო, თუმცა ახლა უმუშევარია.

თანამშრომლებს ბრენდის მიმართ ბრალდებები აქვთ. ჟურნალისტები ჯეიკობსს დაუკავშირდნენ, მაგრამ ჯერჯერობით მისგან პასუხი ვერ მიიღეს.

Marc Jacobs 2019

Dolce & Gabbana – ს მომდევნო და კორონავირუსის პანდემიის აფეთქების შემდეგ პირველი შოუს თარიღი ცნობილია. 8 ივნისს დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ გაავრცელეს სიახლე, რომ 1998 წლის შემდეგ, პირველად, იტალიური მოდის ოფიციალურ კალენდარში ბრუნდებიან.

დოლჩემ და გაბანამ იტალიური მოდის პალატისგან დამოუკიდებლობა 22 წლის წინ გადაწყვიტეს. მიზეზი პალატის ხელმძღვანელებს და დიზაინერებს შორის არსებული უთანხმოება იყო. მას შემდეგ, დოლჩე&გაბანას ჩვენებები მოდის კვირეულის კალენდარის მიღმა ტარდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, დომენიკომ და სტეფანომ ძველი წყენა დაივიწყეს და შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, მილანის მოდის კვირეულის ოფიციალურ კალენდარს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

იტალიური მოდის პალატაში აცხადებენ, რომ სტეფანომ და დომენიკომ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ახლა, როდესაც რამდენიმე დიდმა იტალიურმა ბრენდმა მოდის კვირეულების სისტემა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ისეთი გავლენიანი მოდის სახლის დაბრუნება, როგორიც დოლჩე&გაბანაა, მილანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დოლჩე&გაბანა ჩვენებას 15 ივლისს მილანში გამართავს.

Stefano Gabbana & Domenico Dolce

მამაკაცის სამოსის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება 2021 წლის იანვრამდე გადაიდო. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორებმა ყველა შესაძლო გზა განიხილეს, მაინც გულდასაწყვეტი, თუმცა მოსალოდნელი გადაწყვეტილების მიღება მოუწიათ. წელს Pitti Uomo არ გაიმართება.

Pitti Uomo – ყოველ სეზონზე წარადგენს რამდენიმე ცნობილ დიზაინერს, თუმცა მოდის კვირეულებისგან განსხვავებით, პიტი არის ღონისძიება, რომელიც მეტად კონცენტრირდება გამოფენებზე, შოურუმებზე, პრეზენტაციებზე. ფორმატიდან გამომდინარე, სეზონზე სახელდება ერთი მასპინძელი ქვეყანა, საიდანაც ათამდე დიზაინერი სტუმრობს იტალიას. ამ და სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, ორგანიზატორებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია, რომ სტუმრები 3 დღიან ღონისძიებაზე ფიზიკურად იყვნენ წარმოდგენილნი, რაც პანდემიის პირობებში რეკომენდირებული არ არის, განსაკუთრებით პიტი უომოს მშობლიურ იტალიაში.

Pitti Uomo

ჯონი კოკა ლუი ვიტონის ქალის სამოსში ტყავის პროდუქტების დირექტორად დაინიშნა. ესპანელი დიზაინერი ნიკოლა ჟესქიერთან ერთად იმუშავებს. ლუი ვიტონი ტყავის აქსესუარების წამყვანი ბრენდია, მაგრამ ცხადია, LVMH – ში შეჩერებას არ აპირებენ. ჯონისთან კონტრაქტი მხოლოდ ერთ რამეზე მიგვანიშნებს, Louis Vuitton – ში აქსესუარების ბიზნესის კიდევ უფრო დიდ ზრდას გეგმავენ, რადგან კოკა სწორედ ჩანთებთან გამორჩეული მუშაობის სპეციფიკით არის ცნობილი.

ესპანელისთვის მოდის ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდში მუშაობა კარიერულ ფესვებთან დაბრუნებაც გახლავთ. ჯონიმ პირველი სამსახური ლუი ვიტონში მიიღო, ჯერ კიდევ 1996 წელს, როდესაც ის ხელოვნების სკოლაში სწავლობდა. მას შემდეგ დიზაინერმა გამოცდილება რამდენიმე ცნობილ ბრენდში დააგროვა, მათ შორის ყველაზე ახალი და მნიშვნელოვანი მალბერიში დაკავებული თანამდებობაა. 4 წლის განმავლობაში ჯონი მალბერის შემოქმედებითი ხელმძღვანელი იყო.

 Johnny Coca

ინსაიდერების საყვარელი დიზაინერი მეთიუ ბლაზი ბოთეგა ვენეთას შეუერთდა. ინფორმაციას WWD ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რაფ სიმონსის და ფიბი ფაილოს პროტეჟე იტალიური ბრენდის ახალი უფროსი დიზაინერია. მეთიუ Bottega Veneta – ს შემოქმედებითი დირექტორის, დანიელ ლის ხელმძღვანელობით იმუშავებს. ბრენდმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა,მაგრამ გადაწყვეტილება მოსალოდნელი და მარტივად ასახსნელია.

დანიელ ლი, რომელიც საზოგადოებამ შარშან, Bottega Veneta – ში განსაცვიფრებლად წარმატებული სადებიუტო კოლექციების შემდეგ გაიცნო, სელინში მუშაობდა. ისიც, როგორც ბლაზი, ფაილოს სკოლას ეკუთვნის.

მეთიუ 4 წელი, ჯონ გალიანოს დანიშვნამდე, მარჯიელას კოლექციებზე იყო პასუხისმგებელი, 3 წელი სელინში გაატარა, ხოლო 2016 – 2018 წლებში, რაფის ხელმძღვანელობით, კელვინ კლაინის დიზაინერიც გახლდათ.

Matthieu Blazy

მხოლოდ ერთი სეზონის შემდეგ, ნეთფლიქსმა ‘Next in Fashion’  დაასრულა. შოუს საკონკურსო ფორმატი ჰქონდა. 18 დიზაინერი ერთმანეთს 250,000 დოლარისთვის და ნეტ-ა-პორტერთან თანამშრომლობის დასაწყებად ეჯიბრებოდა. წამყვან სახეებად ბრიტანული მოდის იტ-გოგონა ალექსა ჩანგი და დიზაინერი ტან ფრანს გვევლინებოდნენ. თანამშრომლობის დასრულებაზე საზოგადოებას ფრანსმა ამცნო. დიზაინერმა და წამყვანმა მიზეზებზე საუბრისგან თავი შეიკავა. შოუს დასრულების გამომწვევ მიზეზებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ არც ნეთფლიქსში.

Next in Fashion