
მას შემდეგ, რაც კიმ კარდაშიანი და დემნა Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩნდნენ, ვარსკვლავსა და “ბალენსიაგას” შორის თანამშრომლობამ განსაკუთრებული ხასიათი შეიძინა. კარდაშიანი თითქმის ექსკლუზიურად ატარებდა დემნას კოლექციებს ბრენდისთვის, მონაწილეობდა სარეკლამო კამპანიებსა და ჩვენებებში, არა მხოლოდ სტუმრის, არამედ მოდელის ამპლუაში.
შეიძლება ითქვას, რომ გასულ სამ წელში, კიმი Balenciaga-ს ყველაზე ცნობილი სახე გახდა, თუმცა 2022 წლის დეკემბერში ბრენდის გარშემო აგორებულმა სკანდალმა, კარდაშიანსა და დემნას შორის თანამშრომლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მიუხედავად იმისა, რომ კიმმა თავი აარიდა ხისტ განცხადებას Balenciaga-სთან თანამშრომლობის გაუქმების შესახებ, მედიისა და ინტერნეტის მომხმარებლების მხრიდან გაზრდილი წნეხის ფონზე, მან შეწყვიტა ფრანგული ბრენდის კოლექციების ტარება. გასული 4 თვის განმავლობაში, კიმი “ბალენსიაგას” კოლექციებით საჯაროდ ერთხელაც არ დაუფიქსირებიათ, თუმცა იგი რამდენჯერმე გამოჩნდა დემნა და გურამ გვასალიების მიერ დაარსებული ბრენდის, Vetements-ის სამოსით. უფრო კონკრეტულად კი, “ვეტმოს” იმ კოლექციებით, რომლებიც ბრენდში დემნას შემოქმედებითი ხელმძღვანმელობის პერიოდშია შექმნილი. ეს კი, მოდის ინდუსტრიისთვის მინიშნება იყო იმისა, რომ კიმი კვლავაც მხარს უჭერს დემნას.
ზემოხსენებული კიდევ უფრო დამაჯერებელი გახდა მიმდინარე კვირაში, რადგან კიმი ოთხი თვის შემდეგ, პირველად, საჯაროდ გამოჩნდა Balenciaga-ს აქსესუარებითა და სამოსით. კარდაშიანი 4 სხვადასხვა ლოკაციაზე დააფიქსირეს ბრენდის კოლექციებით: