როდესაც საუბარია გუჩის 100 წლიან ისტორიაზე, მიუხედავად განსხვავებული ამბებისა, რთულია გავიხსენოთ უფრო ექსტრაორდინალური, სანახაობრივი, საინტერესო და წინააღმდეგობრივი მომენტი, ვიდრე ტომ ფორდის 10 წლიანი მმართველობა, რომელმაც განსაზღვრა და შთააგონა მოდის მომავალი ათწლეულები. “Gucci by Tom Ford” მრავალ დასამახსოვრებელ კოლექციას და ლუქს ინახავს, თუმცა როგორც მოდის ყველა მნიშვნელოვან ეპოქას, ტომ ფორდის ერასაც აქვს ის ერთი იმიჯი, რომელიც უამრავ ადამიანში აღვიძებს ნოსტალგიას და იწვევს ბრენდთან მომენტალურ ასოციაციას.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ სწორედ ასეთ საკულტო იმიჯად იქცა Gucci-ის 1996 წლის ჩვენებაზე წარმოდგენილი წითელი ხავერდის კოსტიუმი და შარვალი. ლუქის პოპულარობაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა მსახიობმა გვინეტ პელტროუმ. ამ უკანასკნელმა ტომ ფორდის შეკერილი კოსტიუმი 1996 წლის MTV Music Awards-ზე მოირგო. გვინეტის ჩაცმულობა 1990-იანი წლების წითელი ხალიჩის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად იქცა.

სხვადასხვა დროს, ტომ ფორდის მიერ გვინეტ პელტროუსთვის მორგებულ იმიჯს მოდა განსხვავებულ ინტერპრეტაციას აძლევდა. ერთ-ერთი ასეთი ბოლო ინტერპრეტაცია, 2021 წლის აპრილში, ისევ გუჩის ჩვენებაზე ვიხილეთ.

მას შემდეგ, რაც ბრენდის მოქმედმა შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა ალესანდრო მიკელემ 1996 წლის კოლექცია გააცოცხლა, გულშემატკივრები ელოდნენ ამ ნოსტალგიური მომენტის სრულყოფას, რომელსაც მხოლოდ გვინეტ პელტროუ აკლდა.

გუშინ, მოდის ინდუსტრია სწორედ ამ მომენტის მომსწრე გახდა. მსახიობი გუჩის 2022 წლის წინა-საშემოდგომო კოლექციის ჩვენებას დაესწრო, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართა.