ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმის კოსტიუმირებული საღამო, Met Gala თანამედროვე მოდისა და კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გახმაურებული მოვლენაა, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ინტერესით ელის. ტრადიციისამებრ, 2025 წლის Met Gala-ს ღონისძიებაც მაისის პირველ ორშაბათს გაიმართება, რის შემდეგადაც გაიხსნება გამოფენა.

დღეს ცნობილი გახდა 2025 წლის Met Gala-ს ორგანიზატორთა ვინაობა და გამოფენის მთავარი თემა. Superfine: Tailoring Black Style – ასე ჰქვია მეტროპოლიტენის მუზეუმის დაანონსებულ გამოფენას, რომელიც Met Gala-ს შემდეგ გაიხსნება და ფერადკანიანი მამაკაცების სტილის ევოლუციას, მნიშვნელობასა და კულტურას წარმოაჩენს. ორგანიზატორთა შორის იქნებიან საერთაშორისოდ აღიარებული ვარსკვლავები: რეპერი ეისაპ როკი, მუსიკოსი და დიზაინერი ფარელ უილიამსი, მრბოლელი ლუის ჰამილტონი, მსახიობი კოლმან დომინგო და კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი. აღსანიშნავია, რომ ლებრონ ჯეიმსი პირველად დაესწრება Met Gala-ს და მისი პირველივე გამოჩენა ღონისძიების საპატიო თანაორგანიზატორის როლში შედგება.

Met Gala-ს უცვლელი ორგანიზატორია ამერიკული ვოგის ლეგენდარული რედაქტორი – ანა ვინტური.