ამერიკელთა დიდი დაბრუნება მთვარეზე 2025 წლის დეკემბერში შედგება. მისია, რომელიც არტემისის 3-ის სახელითაა ცნობილი, ერთგვარი შემამზადებელი ეტაპია შემდეგი მისიებისთვის. დეტალური ინფორმაცია, მომენტის ყველაზე მნიშვნელოვანი კოსმოსური თავგადასავლის შესახებ, მომავალი თვეების განმავლობაში გახდება ცნობილი, თუმცა შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ასტრონავტებს სტილს ვერავინ დაუწუნებს. Nasa-ს ახალ კოსმოსურ კოსტიუმებზე, კერძო კომპანია Axiom Space-სთან ერთად, იტალიური მოდის სახლი Prada იმუშავებს. Axiom Space-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ Prada-ს ქსოვილებთან მუშაობის და დიზაინის გამოცდილება, კოსმოსური კოსტიუმების შექმნის პროცესს უფრო გაამარტივებს.
„პრადას აქვს სხვადასხვა ტიპის ქსოვილებთან მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება და შეუძლია გარკვეული ტექნიკური წვლილი შეიტანოს ახალი კოსმოსური კოსტიუმის ვიზუალურ ჩამოყალიბებაში“, – ამბობს პროფესორი ჯეფრი ჰოფმანი, რომელსაც წარსულში არაერთხელ მიუღია კოსმოსურ მისიებში მონაწილეობა. “კოსმოსური კოსტიუმი მინიატურულ კოსმოსურ ხომალდს ჰგავს. მან უნდა უზრუნველყოს წნევა, ჟანგბადი, ტემპერატურა”. – დასძინა პროფესორმა.