მასობრივი ვარსკვლავური კულტურა გასული 12 თვე მოსაწყენი ნამდვილად არ ყოფილა, „ოსკარის“ დაჯილდოებაზე უილ სმიტის ინციდენტიდან ქანიე ვესტის საკამათო ქმედებებამდე, თუ 2022 წელი ერთი სიტყვით უნდა დავახასიათოთ, ალბათ, ველური, ან დაუდგრომელი შესაფერისი შესატყვისები იქნება. ამ სტატიაში გაგახსენებთ გასული წლის გახმაურებულ მომენტებს, რომლებიც სოციალურ ქსელებს ვირუსულად მოედო.
სილის გაწნა „ოსკარის“ დაჯილდოების სცენაზე
2022 წლის 27 მარტს, ამერიკული კინოაკადემიის უმაღლესი პრიზის, ე.წ. „ოსკარების“ დაჯილდოების ღონისძიება ჩვეული პომპეზურობით მიმდინარეობდა, როდესაც პირდაპირ ეთერში, მსახიობმა უილ სმიტმა, ყველასთვის მოულდოენლად, დაჯილდოების ერთ-ერთ წარმდგენსა და კომიკოს კრის როკს სილა გააწნა. სმიტის გაღიზიანება კრისის ხუმრობამ გამოიწვია, რომელიც მსახიობის მეუღლის, ჯადა სმიტის გადაპარსულ ვარცხნილობას ეხმიანებოდა. „ჯადა, მიყვარხარ. მოუთმენლად ველი როდის გნახავ G.I. Jane-ში“- მიმართა კრის როკმა სმიტის მეუღლეს, ჯადა სმიტს. ფილმში G.I. Jane დემი მურის პერსონაჟი თავს იპარსავს. კომიკოსის ხუმრობის გაჟღერების შემდეგ, კადრში ჩანს მომღიმარი უილ სმიტი, რომელსაც გვერდს უმშვენებს აშკარად იმედგაცრუებული მეუღლე – ჯადა სმიტი. ჯადას გამომეტყველების ცვლილება ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. სწორედ ამის შემდეგ, ოსკაროსანმა მსახიობმა სცენაზე გადაინაცვლა და კრის როკს, მილიონობით ადამიანის თვალწინ, სახეში გაარტყა. მოგვიანებით, ისევ „ოსკარის“ სცენიდან, უილ სმიტმა თავისი საქციელისთვის ბოდიში მოიხადა.
დეპი vs ჰერდი
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის სასამართლო პროცესი არა მხოლოდ 2022 წლის, არამედ დეკადის ერთ-ერთი ყველაზე განმსაზღველი მომენტი იყო ვარსკვლავურ კულტურაში. სასამართლო შეერთებულ შტატებში, ვირჯინიაში გაიმართა. მას საფუძვლად დაედო ჯონი დეპის სარჩელი. სარჩელი ეხებოდა დეპის ყოფილი ცოლის, ემბერ ჰერდის საჯარო განცხადებებს, რომლის მეშვეობითაც, მან დეპი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ამხილა. ჯონის მიზანს წარმოადგენდა შემდეგი – შეერთებული შტატების სასამართლოს ძალით დაემტკიცებინა, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მას ცილი დასწამეს. რაც საბოლოოდ, მან შეძლო კიდეც. სასამართლოზე წარმოდგენილი მტკიცებულებების სახით, არაერთი ახალი დეტალი გაირკვა. საზოგადოება კი, ყველაფერს პირდაპირ რეჟიმში ადევნებდა თვალს.
კიმ კარდაშიანის „მერლინის კაბა“
2022 წლის მაისის პირველ ორშაბათს, „მეტ გალას“ წითელ ხალიჩაზე, კიმ კარდაშიანმა ლეგენდარული მერლინ მონროს კაბა მოირგო, რომელიც 1962 წლით თარიღდება. კაბა “Happy Birthday, Mr President” სახელითაა ცნობილი, გამომდინარე იქიდან, რომ მონრომ ის პრეზიდენტ ჯონ კენედისთვის დაბადების დღის მისალოცად მოირგო. 2016 წელს, რობერტ რიფლის სახელობის “Believe It or Not” მუზეუმმა კაბა 4.8 მილიონ დოლარად შეიძინა. რითიც მსოფლიო რეკორდი დამყარდა. ეს იყო ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული კაბა, რომელიც აუქციონზე გაიყიდა. კაბის საკულტო სტატუსიდან გამომდინარე, მისი უმნიშვნელო დეტალის დაზიანება ან შეცვლაც კი, დაუშვებელია. იმისათვის რომ კაბის მორგება შეძლებოდა, კარდაშიანმა მოკლე დროში თითქმის 7 კილოგრამი დაიკლო. თუმცა კრიტიკა მაინც დაიმსახურა, პირველ რიგში დიეტის კულტურის პოპულარიზაციისთვის, შემდეგ კი, კაბის შესაძლო დაზიანებისთვის.
ვრცელდებოდა ინფორმაცია ფოტო მასალებით, რომ მას შემდეგ, რაც რეალითი შოუს ვარსკვლავმა კაბა მეტ გალაზე მოირგო, ეს უკანასკნელი დაზიანდა. კიმის მიმართ კრიტიკა არა მხოლოდ მონროს გულშემატკივრებმა არამედ კოსტიუმების ლეგენდარულმა დიზაინერებმაც გააჟღერეს. თუმცა საბოლოოდ, მუზეუმის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გავრცელებული ხმები უარყვეს. კარდაშიანს წითელ ხალიჩაზე პარტნიორობას პიტ დევიდსონი უწევდა. დევიდსონის და კარდაშიანის 9 თვიანი რომანი გასული წლის კიდევ ერთი გახმაურებული მომენტი იყო, რომელიც კარდაშიანის ყოფილი მეუღლის, ქანიე ვესტის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.
ქანიე ვესტის დრამა
რეპერის პრობლემური ქცევა სიახლე არავისთვისაა, თუმცა გასული წელი ამ მხრივ, მაინც განსაკუთრებით ხმაურიანი იყო. კიმ კარდაშიანთან ოფიციალურად განშორები შემდეგ, ვესტი საკამათო და არაეთიკურ პოსტებს აქვეყნებდა კარდაიშიანისა და მისი ახალი პარტნიორის პიტ დევიდსონის შესახებ. ქანიემ არაერთხელ გაასაჯაროვა კიმის პირადი მინაწერები და ინფორმაციაც, რის შემდეგაც, დროებით დაიბლოკა ინსტაგრამის და ტვიტერის პლატფორმებიდან. ოჯახური დრამა ვესტისთვის მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. მოგვიანებით, ის კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, რაც რამდენიმე ფაქტორით იყო გამოწვეული. პარიზში Yeezy-ის შოუზე, ქანიემ White Lives Matter მაისური მოირგო. ვესტმა “Black Lives Matter” მოძრაობას და მის დამფუძნებლებს თაღლითები უწოდა და დასძინა, რომ ჯორჯ ფლოიდი „პოლიციას არ მოუკლავს, ის ზედოზირებით გარდაიცვალა.“
შოუ ვოგის რედაქტორმა გაბრიელა ჯონსონმა გააკრიტიკა, რის შემდეგაც ქანიემ გაბრიელას ფოტო ინსტაგრამზე განათავსა და მას ჩაცმის სტილის გამო საჯაროდ დასცინა. რეპერმა ინსტაგრამზე სკანდალური განცხადებების გამოქვეყნება გააგრძელა და მორიგი სკანდალი უკვე ებრაელებს დაუკავშირდა. ვესტის ანტისემიტური რიტორიკის შემდეგ, ქანიე ინსტაგრამიდან და ტვიტერიდან კიდევ ერთხელ დაბლოკეს. მას შემდეგ კი, რაც ტვიტერის მფლობელი ილონ მასკი გახდა, პლატფორმის ახალი პოლიტიკიდან გამომდინარე, ქანიეს ტვიტერზე წვდომა აღუდგინეს. თუმცა დროებით. ალექს ჯოუნსთან ინტერვიუში, ვესტმა გააჟღერა შემდეგი ფრაზა: „მე მიყვარს ჰიტლერი“ და ტვიტერის ანგარიშზე სვასტიკის სიმბოლოც გამოაქვეყნა.
ილონ მასკი – Twitter-ის ახალი მფლობელი
„ჩიტი გათავისუფლებულია“ – დაწერა მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა, მას შემდეგ, რაც ამერიკული სოციალური ქსელის, ტვიტერის მფლობელი გახდა. მასკმა ტვიტერი 44 მილიარდ დოლარად შეიძინა. სწორედ მას შემდეგ დაიწყო ქაოსი, რომელიც დღემდე გრძელდება. მილიარდერი თავის მიზნად ტვიტერზე სიტყვის თავისუფლების დაბრუნებას ასახელებდა. შედეგად, მან პლატფორმაზე წვდომა დაუბრუნდა რამდენიმე საკამათო ფიგურას, მათ შორის, როგორც უკვე ითქვა, ქანიე ვესტს. მოიწვია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც, რომელიც ასევე დაბლოკილი იყო. რაც რა თქმა უნდა, გახდა კამათის საფუძველი. ქაოსი კიდევ უფრო გაღრმავდა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა ტვიტერიდან თანამშრომლების დაუსაბუთებელი განთავისუფლება დაიწყო. ის აგრეთვე გამოვიდა ინიციატივებით, რომ ვერიფიკაციის „ლურჯი ნიშანი“ ფასიანი გამხდარიყო. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ტვიტერის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო არაერთმა ცნობილმა სახემ, მათ შორის მოდიდან ერთ-ერთი პირველი თაობის წამყვანი სუპერმოდელი ჯიჯი ჰადიდი გახდა. ჰადიდს შეუერთდა ბალენსიაგაც, ეს უკანასკნელი პირველი დიდი მოდის სახლია, რომელმაც ტვიტერის ანგარიშის დახურვა გადაწყვიტა.
ბენიფერი
2000-იანი წლების ყველაზე განხილვადი წყვილის, ჯენიფერ ლოპეზის და ბენ აფლეკის ქორწინებას მედია და საზოგადოება მოსალოდნელი ინტერესით შეხვდა. წყვილმა ერთმანეთი პირველად 2001 წელს ერთ-ერთი კინოსურათის გადასაღებ მოედანზე გაიცნო. 2 წლიანი რომანტიკული ურთიერთობის განმავლობაში, ჯენიფერმა და ბენმა რამდენიმე საერთო პროექტზეც იმუშავეს, მათ შორის არის ფილმი “Jersey Girl” და მუსიკალური ვიდეო – “Jenny from the Block”.2004 წელს, როდესაც წყვილმა დაშორების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა, ჯეი ლომ პრესასთან დიალოგში აღნიშნა, რომ საყვარელ ადამიანთან განშორებით გამოწვეულ ტკივილს პირველად განიცდიდა.
ის რომ „ბენიფერი“ არ ყოფილა უბრალოდ გატაცემა, ამაში წელს საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა. განშორებიდან 18 წლის შემდეგ, პოპ-ვარსკვლავმა და მსახიობმა ურთიერთობა განაახლეს. ლას ვეგასში გამართული ქორწილის შემდეგ, ვარსკვლავური წყვილი თაფლობის თვისთვის საფრანგეთის დედაქალაქს ეწვია. მთელი წლის განმავლობაში, ჯეი ლოს და ბენ აფლეკის ქორწილის, თუ თაფლობის თვის ფოტოები, საჯარო გამოჩენები მოდის ჩვენებებსა თუ სხვა კულტურულ ღონისძიებებზე, ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდებდა.
ჰარი სტაილსი და ‘Don’t Worry Darling’ დრამა
2022 წელს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ჰარი სტაილსის წელი. ბრიტანელი მუსიკოსის რიგით მესამე ალბომი ‘’Harry’s House’’ 20 მაისს გამოვიდა, პირველი კვირის გაყიდვებით, ჰარის ახალმა ნამუშევარმა დიდ ბრიტანეთში 2022 წლის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ალბომის სტატუსი დაიმსახურა. ალბომს წინ უძღოდა სინგლი – As It Was, რომელმაც „იუთუბზე“ 383 მილიონი ნახვა აქვს. ჰარი დასახელდა თანამედროვე მუსიკალურ სამყაროში ყველაზე გავლენიანი ფესტივალის, Coachella-ს ჰედლაინერადაც. წარმატებული მუსიკალური კარიერის პარალელურად, სტაილსს დიდი მომენტები ჰქონდა სამსახიობო კუთხითაც. წელს მაყურებელმა, ჰარი სტაილსის მონაწილეობით, ორი ახალი ფილმი იხილა, My Policeman – ქვიარ დრამა, რომელშიც ჰარი გეი პოლიციელს განასახიერებს და Don’t Worry Darling, სადაც სტაილსს პარტნიორობას ფლორენს პიუ უწევს. ფილმის რეჟისორი კი, ოლივია უაილდია.
ოლივია უაილდის, როგორც რეჟისორის, რიგით მეორე ნამუშევარის შესახებ პირველად ცნობილი 2019 წელს გახდა. 2020 წელს დადასტურდა მთავარი როლების შემსრულებელი მსახიობების ვინაობაც: ფლორენს პიუ და შაია ლაბაფი. ძალიან მალე, 2020 წლის შემოდგომაზე, შაია გამოეთიშა პროექტს და მის შემცვლელად სტაილსი შეირჩა. თავდაპირველ მიზეზად მსახიობის გადატვირთული გრაფიკის და ფილმის გადაღებების დროის შეუთავსებლობა დასახელდა. თუმცა მოგვიანებით, გავლენიანმა გამოცემებმა გაავრცელეს სანდო წყაროებზე დაყრდნობილი ინფორმაცია, რომ ლაბაფი „შეუფერებელი ქცევის და მის მიმართ არსებული სექსუალური შევიწროების ბრალდებების“ გამო გაათავისუფლეს. ხმები დაადასტურა ოლივია უაილდმა. ოლივიას განცხადებას მოჰყვა შაიას კომენტარიც, სადაც ის განმარტავდა, რომ საკუთარი სურვილით დატოვა ფილმი, გამომდინარე იქიდან, რომ ვერ ახერხებდა რეპეტიციებისთვის და გადაღებებისთვის დროის გამოყოფას. როგორც გადაღებების, აგრეთვე ფილმის დასრულების შემდეგაც, საერთაშორისო პრესის გამოცემები ხშირად აჟღერებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მთავარი როლის შემსრულებელი ქალი, ფლორენს პიუ უკმაყოფილო იყო შაიასთან დაკავშირებული ვითარებით. აგრეთვე, მას არ მოსწონდა ოლივიას გადაწყვეტილებები ინტიმური სცენებისთვის დიდი საეკრანო დროის დათმობაზე.
ფილმის შემოქმედებით გუნდს შორის არსებული დაძაბულობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა პრემიერების დროს. ფლორენს პიუმ უარი განაცხადა ფილმის პრეს-ტურიში მონაწილეობაზე, ის კოლეგებთან ერთად, წითელ ხალიჩაზე ვენეციის კინოფესტივალზე გამოჩნდა, რომელიც 2022 წლის სექტმბერში გაიმართა. წითელ ხალიჩაზე მსახიობების სხეულის ენა შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
უხერხულობამ, კომუნიკაციის ნაკლებობამ, რომელიც უცხო თვალისთვისაც ადვილი შესამჩნევი იყო, გავრცელებული ხმები ფაქტობრივად დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ ფილმზე მუშაობის დაწყების შემდეგ, ჰარი სტაილსს და ოლივია უაილდს შორის რომანტიკული ურთიერთობა ჩამოყალიბდა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ სწორედ ვენეციის კინოფესტივალზე დადგა. წყვილის ურთიერთობის დასრულების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის ნოემბერში დადასტურდა.