LVMH -ის და Kering-ის შემდეგ, მოდის ბიზნესის კიდევ ერთმა დიდმა მოთამაშემ შეაჯამა გასული წელი. ინფლაციის, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის პირობებში, Hermès-ის შემოსავალი მაინც გაიზარდა და შთამბეჭდავ 12,4 მილიარდ დოლარს მიაღწია. ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი აქსესუარის, ბირკინის ჩანთის შემქმნელ კომპანიაში აცხადებენ, რომ ზრდა ეხებოდა ყველა მიმართულებას, იქნება ეს ყოველდღიური ტანისამოსის ხაზი, ტყავის პროდუქტები, სამკაულები, კოსმეტიკა თუ საყოფაცხოვრებო ნივთები.

შეგახსენებთ, რომ Hermès-ის პირველი მაღაზია გაიხსნა პარიზში, 1837 წელს, ბრენდის დამფუძნებლის, ტიერი ერმესის მიერ. დღეს ბრენდის საკონტროლო წილს კვლავაც ტიერი ერმესის მეექვსე თაობის მემკვიდრეები ფლობენ. მათ ეკუთვნით Hermès International S.A.-ის 65%-იანი წილი და კომპანიის მმართველობით საბჭოში, გადაწყვეტილების მისაღებად 74%-იანი ხმის უფლებაც.