ტრადიციულად, წლის ბოლოს, გთავაზობთ გასული 12 თვის გახმაურებულ მომენტებს და სიახლეებს, რომლებზეც მოდის ინდუსტრიაში ყველაზე ბევრს საუბრობდნენ.
ჯო ბაიდენის ინაუგურაცია
ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის მოლოდინში ნამდვილად ვერავინ იფიქრებდა, რომ ისტორიული პოლიტიკური პროცესი ამდენ მოდურ მომენტს შემოგვთავაზებდა. ფაქტია, რომ მოულოდნელად, მოდა ინაუგურაციის მთავარ თემად იქცა. რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში აშშ-ის პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი, ქამალა ჰარისი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი იყვნენ. მათ ეცვათ შედარებით უცნობი ამერიკელი დიზაინერების სამოსი, რაც რეალურად სიმბოლური ნაბიჯი იყო – ისინი მხარს უჭერენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ამერიკაში.
ჯო და ჯილ ბაიდენები
ჯილ ბაიდენს აცვია ბრენდი Markarianქამალა ჰარისი და დაგ ემჰოფი
ქამალა ჰარისს აცვია ბრენდი Christopher John Rogers
პრეზიდენტთან და ვიცე პრეზიდენთან ერთად, მოდის განსაკუთრებული ყურადღება მიიქციეს ქამალა ჰარისის გერმა ელა ემჰოფმა და ინაუგურაციაზე გამომსვლელმა ახალგაზრდა პოეტმა ამანდა გორმანმა. ინაუგურაციიდან მხოლოდ 2 კვირაში, ელამ და ამანდამ მოდის წამყვან სამოდელო სააგენტოსთან, IMG -ისთან კონტრაქტი გააფორმეს. შედეგად, ჩვენ ვიხილეთ ახალგაზრდა ვარსკვლავების დაბადება, ელა ემჰოფი ბალენსიაგას და პროენზა სქულერის მოდელების რიცხვს შეუერთდა, ამანდა გორმანი კი, ესტე ლაუდერის გლობალური ელჩი და ამერიკული ვოგის ქავერ-ვარსკვლავი გახდა.
ელა ემჰოფს აცვია Miu Miu ამანდა გორმანს აცვია Prada
‘Hacking Project’ – გუჩის და ბალენსიაგას პრეცედენტული კოლაბორაცია
რაფ სიმონსი და მიუჩია პრადა? კრისტიან ლაკრუა და დრის ვან ნოტენი? დიახ, სხვადასხვა დროს, ცნობილი დიზაინერები მართლაც ერთიანდებოდნენ, მაგრამ ბალენსიაგას და გუჩის თანამშრომლობა მრავალმხრივ პრეცედენტული მოვლენა იყო. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვიხილეთ კოლაბორაცია, რომელიც არა მხოლოდ დიზაინერებს, არამედ 2 საერთაშორისოდ აღიარებულ ტანსაცმლის მწარმოებელ ბრენდს შორის შედგა.

როდესაც ვნახეთ რომ შესაძლებელია ბალენსიაგას ჩანთას Gucci -ის ლოგო ჰქონდეს, მაღალი მოდის ინდუსტრიაში კოლაბორაციების ახალი თავი გაიხსნა. კინო ლექსიკას თუ გამოვიყენებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბალენსიაგამ და გუჩიმ თანამედროვე მოდის გახმაურებული “ქროსოვერი” შემოგვთავაზეს, რომელმაც რა თქმა უნდა იქონია გავლენა – მხოლოდ 5 თვეში, Fendi-ის და Versace-ს მოდის სახლებმაც გადაწყვიტეს გაერთიანება. შედეგად, „გუჩიაგას“ შემდეგ, „ფენდსაჩეს“ მომსწრეც გავხდით.
Victoria’s Secret-ში „ანგელოზების” ეპოქა დასრულდა
Victoria’s Secret-მა რებრენდინგისა და ახალი სტრატეგიის შესახებ განაცხადა, რამაც კომპანიის მომავალი სრულად შეცვალა. რებრენდინგი, უპირველესად, „ანგელოზების ინსტიტუტს“ შეეხო. ეს უკანასკნელი საერთოდ გაუქმდა. შედეგად, მოდაში აღარ არსებობს სტატუსი „ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი“.
კომპანიამ “ანგელოზების” ინსტიტუტის გაუქმებასთან ერთად, ორი ახალი ინიციატივა წარადგინა. Victoria’s Secret Collective და Victoria’s Secret-ის გლობალური ფონდი ქალებში კიბოს გავრცელების წინააღმდეგ – სწორედ ამ ორი ახალი პროექტით დაიწყო ბრენდმა ახალ ეტაპი. Victoria’s Secret Collective აერთიანებს ცნობილ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებაში დადებითი ცვლილებების დამკვიდრებასთან და აქტივიზმთან არიან დაკავშირებული. ისინი Victoria’s Secret-ის ერთგვარი ამბასადორები არიან. კოლექტივის წამყვან სახეებს შორის აღარ არიან მხოლოდ მოდელები, არამედ – მსახიობი პრიანკა ჩოპრა, ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა და ფეხბურთელი მეგან რაპინოუ.

ფიბი ფაილო მოდაში საკუთარი ბრენდით ბრუნდება
სიახლე, რომელსაც მოდის ინდუსტრია სამ წელზე მეტია ელის, ივლისში გავრცელდა – ფიბი ფაილო, LVMH-თან თანამშრომლობით, საკუთარ ბრენდს ქმნის.
აღსანიშნავია, რომ საკონტროლო წილის მფლობელი არა ფრანგული კონგლომერატი, არამედ ფაილო იქნება, რაც ნიშნავს, რომ მმართველობის სადავეები, როგორც შემოქმედებითად, აგრეთვე ბიზნესის კუთხით, სწორედ დიზაინერის ხელში იქნება მოქცეული. LVMH შედარებით პატარა როლს ითამაშებს ფაილოს ახალ წამოწყებაში.
ფაილოს ბრენდის დებიუტს 2022 წელს ვიხილავთ.

დანიელ ლის და Bottega Veneta-ს მოულოდნელი განშორება
თანამედროვე ეპოქაში მოდა იქცა ბიზნესად, სადაც დიზაინერის კარიერის მდგრადობას გაყიდვების ყოველწლიურად მზარდი მაჩვენებელი განსაზღვრავს. ხშირ შემთხვევაში, ცნობილი ბრენდების შემოქმედებით დირექტორებს მხოლოდ 3-4 სეზონი აქვთ, რათა დაამტკიცონ, რომ მათი ხედვა კომერციულად სანდო და მომგებიანია, მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც დიზაინერი კომერციულად წარმატებულია, თუმცა ბრენდთან მისი თანამშრომლობა მხოლოდ 3 წელში სრულდება?
დანიელ ლის და “ბოტეგა ვენეტას” მოულოდნელი განშორება, მოდის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შოკური სიახლეა. დანიელი ბრენდს 2018 წელს შეუერთდა და ძალიან მოკლე დროში შეძლო ის, რაზეც ყველა ახალგაზრდა დიზაინერი ოცნებობს – მილიარდ დოლარამდე გაზრდილი შემოსავალი, It – ჩანთა და ინფლუენსერები, რომლებიც მზად არიან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე წარადგინონ ბრენდის კოლექციები.

ბრიტანელმა დიზაინერმა Bottega Veneta ნოემბერში დატოვა. მას შემდეგ, არ წყდება ლაპარაკი კომერციულად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თანამშრომლობის შეწყვეტის შესაძლო მიზეზებზე. მიუხედავად ბევრი ჭორისა, დანიელის და ბოთეგა ვენეტას ისტორიის მოულოდნელი დასასრული დღემდე ბურუსითაა მოცული.
ცნობილია მხოლოდ ის, რომ ლის შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობაზე ბელგიელი-ფრანგი დიზაინერი, მეთიუ ბლაზი შეცვლის.

ზენდეია მოდის ახალი რჩეულია
გასულ 12 თვეში, ზენდეიას პოპულარობა საოცარი სისწრაფით გაიზარდა. ახალგაზრდა მსახიობი მოდაში მომენტის ყველაზე ამაღელვებელ ვარსკვლავად იქცა.
მთელი წლის განმავლობაში, პრესა და გულშმატკივრები აქტიურად განიხილავდნენ მსახიობის წითელი ხალიჩის კოსტიუმებს. რასაც მოჰყვა ლოგიკური ფინალი – 25 წლის ასაკში, ზენდეია გახდა ყველაზე ახალგაზრდა ვარსკვლავი , რომელსაც ამერიკელ დიზაინერთა საბჭომ (CFDA) მოდის კერპის ჯილდო გადასცა.

პიტერ მიულეს დებიუტი Alaïa-ში
ლეგენდარული დიზაინერის, აზადინ ალაიას ბოლო ჩვენებიდან ზუსტად 4 წლის შემდეგ, ისევ 4 ივლისს და ისევ პარიზში, ოტ კუტიურ მოდის კვირეულზე, პიტერ მიულემ Alaïa-სთვის სადებიუტო კოლექცია წარადგინა.
ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, როგორც პანდემიამდელ რეალობაში: მიწვეული სტუმრები, ტოპ მოდელები პოდიუმზე და აღელვებული დიზაინერი კულისებში.

პროფესიით არქიტექტორი, პიტერი უკვე 15 წელზე მეტია რაფ სიმონსის მარჯვენა ხელია. ისინი ერთად ქმნიდნენ კოლექციებს, როგორც რაფის საკუთარი ბრენდისთვის, ისე ჯილ სანდერისთვის, დიორისა და კელვინ კლაინისთვის. 2016-2018 წლებში, პიტერი ნიუ-იორკში, კელვინ კლეინის დიზაინ დირექტორად მუშაობდა, თუმცა რაფის და Calvin Klein-ის სკანდალის შემდეგ, ბრენდი დატოვა.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ დებიუტი შედგა, პიტერ მიულემ გვაჩვენა, რომ მას აქვს ყველა საჭირო უნარი და თვისება, რათა საბოლოოდ, გამოვიდეს რაფ სიმონსის ჩრდილიდან და მოდაში საკუთარი სიტყვა თქვას.
ფიზიკური მოდის კვირეულების და Met Gala-ს დაბრუნება
იმ ინდუსტრიაში, სადაც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დროის უკმარისობა მიიჩნევა, სადაც შემოქმედებს, ხშირად, მხოლოდ 8 კვირა აქვთ, სანამ მომდევნო ჩვენება კარს მოადგებათ, 18 თვე საკმარისზე მეტია საიმისოდ, რომ მოდის კვირეული არა რუტინულ და დამღლელ, არამედ ამაღელვებელ გამოცდილებად იქცეს.

პანდემიიდან გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, 2021 წელს, მოდა ფიზიკურ მოდის კვირეულებს დაუბრუნდა, მაგრამ თუ წარსულში, მოდის კვირეულზე მოსახვედრად მოსაწვევი და ლამაზი ფეხსაცმელი გჭირდებოდათ, წელს თან პირბადე და ორი დოზით ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთიც უნდა გქონოდათ.
ფიზიკურ ფორმატს გახმაურებულად დაუბრუნდა მეტ გალაც – მოდის და პოპ-კულტურის ყველაზე ცნობილი წითელი ხალიჩა, რომელიც ტრადიციულად მაისის პირველ ორშაბათს იმართება, წელს, გამონაკლისის სახით, სექტემბერში მოეწყო.
კიმ კარდაშიანი Met Gala-ზე ბილი აილიში Met Gala-ზე
ალბერ ელბაზის ხსოვნას მიძღვნილი ჩვენება
2021 წლის სექტემბერი – ოქტომბრის მოდის კვირეულები ისტორიას დარჩება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ინდუსტრია ფიზიკურ ჩვენებებს დაუბრუნდა, არამედ იმიტომ რომ მოდის თვე ძალიან ემოციური მომენტით დასრულდა – მოდამ პატივი აგო ლეგენდარულ ალბერ ელბაზს. დიზაინერი ამ წლის აპრილში კორონავირუსს ემსხვერპლა.
“ყველას აქვს ალბერთან დაკავშირებული ისტორია,”-წერდა ნიუ-იორკ ტაიმსის მოდის კრიტიკოსი, ვანესა ფრიდმანი. მართლაც, ყველას აქვს რაღაც სათქმელი ელბაზის შემოქმედებაზე და პიროვნებაზე. ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა 5 ოქტომბერს, პარიზის მოდის კვირეულის დასკვნით დღეს, რომელიც ელბაზს მიეძღვნა. მოდის ინდუსტრიამ ალბერის ხსოვნას პატივი უპრეცედენტო ფორმით მიაგო.

ვერსაჩე, არმანი, გუჩი, ალაია, ბალმანი, ბალენსიაგა, ვალენტინო, დიორი, ლუი ვიტონი – ეს იმ ბრენდების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ალბერის ბრენდის AZ Factory -ისთვის გაერთიანდნენ. ჯამში, 40-ზე მეტმა საერთაშორისო მოდის სახლამ შექმნა კოსტიუმი ჩვენებისთვის, რომელიც 5 ოქტომბერს, პარიზში ვიხილეთ.
ბალენსიაგა ისტორიულ ფესვებს დაუბრუნდა
და ბოლოს, ბალენსიაგას ოტ კუტიური – ჩვენება, რომელსაც წელს ყველაზე მეტად ელოდნენ. 53 წლის შემდეგ, ბალენსიაგას პირველი ოტ-კუტიურ კოლექცია (რომელიც ასევე არის ქართველი დიზაინერის, დემნას სადებიუტო ოტ კუტიურ ნამუშევარი) 7 ივლისს ვიხილეთ. პრეზენტაცია პარიზში 10 Avenue Georges V-ზე მდებარე ბალენსიაგას თავდაპირველ სალონში მოეწყო. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის სივრცის რესტავრაცია მოხდა, შედეგად, ადგილზე მისულ სტუმრებს ისეთივე გარემო დახვდათ, როგორიც კრისტობალ ბალენსიაგამ 1968 წელს დატოვა.

ჩვენებას სტუმრების შეზღუდული რაოდენობა დაესწრო, მხოლოდ 100-მდე ადამიანი, რაც ოტ-კუტიურ პრეზენტაციის ძველებურ ატმოსფეროს ქმნიდა.