მოდაში დრო ყველაფერს წყვეტს,თუ დააგვიანებ, ადვილად დაგივიწყებენ, თუ ადრე გააკეთებ, ვერავინ გაგიგებს. ეს სიტყვები ანა ვინტურს ეკუთვნის და ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფრაზაა, რადგან იშვიათი სიზუსტით გადმოსცემს მოდის ინდუსტრიის ბუნებას. მოდა დროსთან ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ინდუსტრიაა. მოდა ირეკლავს და იცვლება დროსთან ერთად. რომელი თემა შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო აქტუალური და საინტერესო 2020 წლის საიუბილეო მეტ გალასთვის, ვიდრე დრო? მოდა და ხანგრძლივობა.

დღეს ვოგმა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტან მუზეუმმა 2020 წლის მეტ გალას გამოფენის და საღამოს თემა გაამხილეს: “About Time: Fashion and Duration”. გამოფენა ნიუ-იორკში 2020 წლის 7 მაისს გაიხსნება და 7 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს სტუმრებს. მეტ გალას ვარსკვლავური საღამო, ტრადიციულად, 2020 წლის მაისის პირველ ორშაბათს გაიმართება.

უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალი წლის თემაც არანაკლებ დამაბნეველი იქნება, ვიდრე კემპი, თუმცა შემოქმედებითად ვარსკვლავების სტილისტებს უფრო გამოიწვევს. თემა არის დროის მნიშვნელობა, დროში მოგზაურობა, მოდაში განსხვავებული ეპოქების ერთმანეთთან დაკავშირება და ახლებური გზით წარმოჩენა. მაგალითად: 1870-იან წლებში შეკერილი კაბა ალექსანდრ მაკქუინის 1995 წლის ნამუშევართან შერწყმაში, ან 1880-იანი წლების შავი ქვედაბოლო კომ დე გაღსონის 1997 წლის ტანისამოსთან.

საღამოს სპონსორი იქნება ლუი ვიტონი და თანაორგანიზატორებში ვიხილავთ ლუი ვიტონის ქალის ხაზის შემოქმედებით ხელმძღვანელს, ნიკოლა ჟესქიერს ლუი ვიტონის ერთ-ერთ სახესთან, ემა სტოუნთან ერთად.

2020 წლის მეტ გალას ორგანიზატორები სრულად: Nicolas Ghesquière, Lin-Manuel Miranda, Meryl Streep, Emma Stone, Anna Wintour.