პანდემიის პარალელურად თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობა სრულებით შეიცვალა. როგორც ყველა სხვა სფეროში, მოდაშიც ისმის კითხვა, თუ როგორ გავლენას მოახდენს შექმნილი ვითარება მომავალ სეზონებზე. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პოსტ-პანდემიურ მსოფლიოში, შეზღუდვებით და მკაცრი ლოქდაუნებით დაღლილი დიზაინერები, სტილისტები, თუ მათი პოპულარული კლიენტები, გაბედულ, სახალისო და ირონიულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ამის თქმის შესაძლებლობას გვაძლევს ბოლო დროს განვითარებული ტენდენცია. დიახ, პანდემიის წყალობით, ჩვენ შესაძლოა ვიხილოთ მოდის ისტორიაში ყველაზე საკამათო და ამასთან ერთად, საკულტო პერიოდის დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ 2000-იანები იყო წარმავალი ეპოქა მოდაში, რომლის ტენდენციები ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა, თითქმის 20 წლის შემდეგ, მაინც რთულია დავივიწყოთ დრო, როდესაც სტილის კერპად პერის ჰილტონი გვევლინებოდა.

მარტში, ლანვინის 2021 წლის ზაფხულის კოლექციის სახედ პერის ჰილტონი დასახელდა. ფრანგული მოდის სახლის ესთეტიკა 2000-იანების ცნობილ ტენდენციებთან არ იკვეთება, თუმცა ბრენდის წარმდგენად ჰილტონის ხილვა, ერთგვარ სიგნალად მაინც ჩაითვალა.

ფოტოგრაფები: მერთი & მარკუსი.

მარტში ახალი კოლექცია ბლუმარინემაც წარადგინა. იტალიური ბრენდის ესთეტიკაში ცვლილებები უკვე რამდენიმე სეზონია თვალშისაცემია. გასული ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სტილისტის, ლოტა ვოლკოვას ინიციატივით, ბრენდმა აქცენტი სწორედ ადრეულ 2000-იანებზე გააკეთა. უახლეს კოლექციაში ვხვდებით: დაბალწელიან შარვლებს და კაბებს, ფერად თმისამაგრებს, დიდ და მრგვალ საყურეებს, მუცლის აქსესუარებს, ჯინსის მინი კაბებს, ჯაჭვებს შარვლებზე, ტოპებს, მოკლედ – ყველა იმ დეტალს, რაც 2000-იანების სტილს ასეთ დასამახსოვრებელს და თვალსაჩინოს ხდის.

Blumarine გაზაფხული/ზაფხული 2021

როდესაც 2000-იანების პოპ-კულტურაზე და გემოვნებაზე ვსაუბრობთ, ძალიან ცოტა რამ შეიძლება წარმოაჩენდეს მას უკეთ, ვიდრე ბრიტნი სპირსის და ჯასტინ ტიმბერლეიკის ვარსკვლავური მომენტი მთლიანად დენიმის ლუქში.

მოდიდან 3 რამ არასდროს გადავა: ჯინსი, თეთრი მაისური და შანელის ჟაკეტი, თუმცა ტანისამოსის ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა არასდროს გამოუყენებიათ იმდენად აბსურდულად, როგორც ჩვენი საუკუნის პირველ ათწლეულში.

როგორც Vogue, Elle, Harper’s Bazaar და მოდის პრესის სხვა გავლენიანი გამოცემები პროგნოზირებენ, 2021 წლის ზაფხულის სეზონზე წვრილი ჯინსის ტრენდი საბოლოოდ დასრულდება და დენიმის განსხვავებული და გამოკვეთილად ფართე ფორმები დაიბრუნებს ძველ დიდებას. ამის თქმის საფუძველს იძლევა ვარსკვლავების ბოლოდროინდელი პაპარაცული ფოტოები.

აბსურდული და სკანდალური ტრენდების ხსენებისას შეუძლებელია არ გავიხსენოთ 2000-იანების დასაწყისის კიდევ ერთი ვულგარული, თუმცა ძალიან პოპულარული გამოვლინება – ხილული საცვალი. მიუხედავად იმისა, რომ საცვალის ერთგვარ აქსესუარად წარმოჩენა გაცილებით ადრე გახდა სკანდალური მოდური განაცხადი, ამ უკანასკნელმა ტრენდის სახე სწორედ 2000-იანებში მიიღო.

მას შემდეგ, რაც ფრანგული მოდის სახლის, Givenchy -ის ახალმა კრეატიულმა დირექტორმა, მეთიუ უილიამსმა ეს დეტალი თავის სადებიუტო კოლექციაში შეიტანა, თვალსაჩინო საცვალის ტრენდი კვლავ აქტუალური გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ 2000-იანების მიმართ ნოსტალგიას, სხვადასხვა დროს, მოდაში ხშირად ვხედავდით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ის არასდროს ყოფილა იმდენად აქტუალური, როგორც ახლა.