2004 წელს, ყველასთვის უცნობმა დიზაინერმა, რიკარდო ტიშიმ საკუთარი სახელობის ბრენდი შექმნა. პირველმა კოლექციებმა ვოგის რედაქტორებისა და კრიტიკოსების ყურადღება მიიქცია. როგორც ვოგის სარა მაუერი წერდა, „ტიში არის ახალგაზრდა დიზაინერი, რომელიც იმსახურებს ყურადღებას.“ წარმატებული დებიუტიდან ძალიან მალე, მხოლოდ ერთ წელში, იტალიელ დიზაინერს Givenchy-ის მოდის სახლის კრეატიული დირექტორის თანამდებობა შესთავაზეს. დანარჩენი უკვე ისტორია.

12 წელი ჟივენშის სათავეში საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ რიკარდო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი დიზაინერი გამხდარიყო. ფრანგულ ბრენდს მიჰყვა ბარბერი, სადაც ტიშიმ 5 წელი დაჰყო და თანამდებობა 2022 წლის 28 სექტემბერს დატოვა. ახლა კი, სპეკულაციები არ წყდება იმასთან დაკავშირებით თუ რომელ დიდ ბრენდში შეიძლება ვიხილოთ იტალიელი მომავალში.

გამომდინარე იქიდან, რომ თითქმის ორი ათწლეული, დიზაინერი ისტორიული მოდის სახლებისთვის ქმნიდა კოლექციებს, ინდუსტრიაში არ მოიაზრებდნენ ბრენდ Riccardo Tisci-ის ხელახლა შექმნის შესაძლებლობას. თუმცა ცოტა ხნის წინ, რიკარდომ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც ამ მოცემულობას საკმაოდ რეალურს ხდის.

გახმაურებულად დაანონსებული კინო ნამუშევრის Black Panther-ის ლონდონურ პრემიერაზე, მსახიობ მიკაელა კოელს რიკარდო ტიშის სახელობის ბრენდის კაბა ეცვა. 17 წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტიშიმ დიზაინი საკუთარი სახელის ქვეშ წარადგინა. რაც რა თქმა უნდა, გვაფიქრებინებს, რომ მომავალში, რიკარდომ მუშაობა არა სხვა მოდის სახლში, არამედ საკუთარ ბრენდში შეიძლება გააგრძელოს.