დღეს ჯანი ვერსაჩეს მკვლელობიდან 23 წელი გავიდა. ჯანი ვერსაჩე ამერიკელმა სერიულმა მკვლელმა, ენდრიუ ქიუნენენმა, მაიამიში, 1997 წლის 15 ივლისს მოკლა.
ჯანი ვერსაჩე ენდრიუს მეხუთე და ბოლო მსხვერპლი იყო. პრესის გავლენიანი გამოცემები, თვითმხილველების ინტერვიუებზე დაყრდნობით, წერდნენ, რომ ენდრიუ და ჯანი ერთმანეთს 1990 წელს, სან ფრანცისკოში, გეი კლუბში შეხვდნენ. ვერსაჩე, მეგობრებთან ერთად, კლუბის VIP განყოფილებაში იმყოფებოდა, როდესაც ენდრიუმ მასთან გამოლაპარაკება სცადა. აღსანიშნავია, რომ ამ ვერსიას ვერსაჩეს ოჯახი კატეგორიულად უარყოფს. მათი თქმით, ჯანი ენდრიუს არ იცნობდა და პირველად მკვლელობის დღეს ნახა.
ენდრიუს მსხვერპლებში ვერსაჩე ყველაზე ცნობილი ფიგურა იყო, თუმცა FBI – ის ცნობით, ქიუნენენი მდიდარ ჰომოსექსუალ მამაკაცებთან ურთიერთობაში წარსულშიც შემჩნეული იყო, რადგან პროსტიტუციით ირჩენდა თავს. ენდრიუს მენტალური აშლილობაც აწუხებდა, მან მკვლელობების სერია 1997 წელს დაიწყო და 23 ივლისს, თვითმკვლელობით დაასრულა.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ენდრიუ შიდსით იყო დაავადებული და მკვლელობების მოტივი შურისძიების სურვილიც გახდა, თუმცა მისი სუიციდის შემდეგ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ქიუნენენი ინფიცირებული არ იყო.