1980-იან წლებში, ერთ-ერთი ფრენისას, Hermès-ის ყოფილი დირექტორი, ჟან ლუი დიუმა და მსახიობი ჯეინ ბირკინი შემთხვევით შეხვდნენ, რა დროსაც ჯეინს ჩანთიდან ნივთები გადმოუცვივდა. მაშინ, ჟან ლუის გაუჩნდა შთაგონება და იდეა ჩანთის, რომელსაც დღეს ბირკინის სახელწოდებით ვიცნობთ. „ბირკინი“ ყველაზე პოპულარული აქსესუარია, რომელიც ცნობილი ადამიანის სახელს ატარებს, თუმცა არა ერთადერთი.

წამყვანი მოდის სახლები და დიზაინერები ხშირად გვთავაზობენ ჩანთებს, რომლებსაც ვარსკვლავების ინსპირაციით, ან მათთან თანამშრომლობით ქმნიან.

გავიხსენოთ 10 მოთხოვნადი ჩანთა, რომელიც ცნობილი ადამიანის სახელს ატარებს:

Dior -ის “Lady D Bag” – ჩანთის თავდაპირველი სახელი Chouchou იყო. მას შემდეგ, რაც პრინცესა დაიანა, იგივე „ლედი დი“ დიორის ჩანთით გამოჩნდა, მოდელზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. დიანას პატივსაცემად ჩანთას სახელი შეუცვალეს.


Mulberry -ის “Gisele bag by Luella” – ჩანთა პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც 2001 წელს, ბრაზილიელმა სუპერმოდელმა, ჟიზელ ბუნდჩენმა პოდიუმზე წარადგინა.


Jason Wu -ს “Diane Bag” – 2014 წელს ამერიკელმა დიზაინერმა გამოუშვა ჩანთა, რომლის შთაგონება მსახიობი დაიან კრუგერი გახდა.


Marc Jacobs-ის “Stam Bag” – ადრეულ 2000-იან წლებში, მარკ ჯეიკობსმა წარადგინა ჩანთა, რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალობას. მარკის მუზა ტოპ მოდელი, ჯესიკა სტემი იყო.


Louis Vuitton -ის “SC Bag” – სოფია კოპოლას და „ლუი ვიტონს“ შორის კოლაბორაცია მარკ ჯეიკობსის სახელს უკავშირდება. მარკის და კოპოლას მეგობრობა გადაიზარდა პროფესიულ თანამშრომლობაშიც. 2008 წელს, ჯეიკობსის შემოქმედებითი ხელმძღვანელობით, ფრანგულმა ბრენდმა გამოუშვა ჩანთა სოფია კოპოლას ინიციალებით.


Salvatore Ferragamo-ს “The Sofia Bag” – სოფი ლორენი „სალვატორე ფერაგამოს“ გამორჩეული კლიენტი იყო. ჩანთა ლეგენდარული მსახიობის შთაგონებით შეიქმნა.


Hermès-ის “Kelly bag” – „ერმესის“ ამ მოდელს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ბირკინის უმცროსი და“. ჩანთის დიზაინი, პირველად, გასული საუკუნის 1930-იან წლებში შეიქმნა, თუმცა პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღიარებულმა გრეის კელიმ მოირგო.


Gucci-ის “Bardot Bag” – იტალიური ბრენდის შთაგონება ლეგენდარული ბრიჟიტ ბარდო გახდა. მოდელს ხშირად ადარებენ „გუჩის“ Jackie Bag -ს.


Gucci-ის “Jackie” – ჩანთის დიზაინი 1950-იან წლებში შეიქმნა და მისი თავდაპირველი სახელწოდება “Constance” იყო, აქსესუარმა საერთაშორისო პოპულარობა 1961 წელს მოიპოვა, როდესაც ამ ჩანთით ჟაკლინ “ჯეკი” კენედი გამოჩნდა. აშშ-ის პირველი ლედის პატივსაცემად, აქსესუარს თავდაპირველი სახელი “Jackie”-ით შეუცვალეს. 


Mulberry-ის “Del Rey Bag” – 2012 წელს, მომღერალი ლანა დელ რეი ბრიტანული ბრენდის მუზა გახდა. მაშინ, „მალბერიმ“ წარადგინა ჩანთის ახალი მოდელი, რომელიც მუსიკოსის სახელს ატარებს.