7 თებერვალს 1 თვიანი მოდური მარათონი იწყება. პროფესიონალები, თუ მოყვარულები, უკლებლივ ყველა, ვისაც მოდის ინდუსტრია აინტერესებს, წელიწადის ამ დროს განსაკუთრებით ელის. ახალი სეზონი 2020 წლის შემოდგომა/ზამთარია, მოდის დედაქალაქების თანმიმდევრობა ტრადიციულად უცვლელი:
ნიუ-იორკი : 7 – 13 თებერვალი
ლონდონი: 14-18 თებერვალი
მილანი: 18 – 24 თებერვალი
პარიზი: 24 თებერვალი – 3 მარტი
მოდის კვირეულის გაშუქებაში აქტიურად ერთვება Youtube. იუთუბი 20-ზე მეტ ჩვენებას ლაივში გადასცემს. TOM FORD შემოდგომა/ზამთარი 2020 იქნება პირველი ჩვენება, რომელსაც Youtube ლაივში გვაჩვენებს.
მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკის მოდის კვირეული ამერიკის ცენტრალურ მოდის კვირეულად რჩება, კითხვის ნიშნები სეზონიდან სეზონამდე იმატებს. 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე კალენდარს ბევრი მნიშვნელოვანი სახელი აკლია, მათ შორის ამერიკის მოდის საბჭოს ახალი პრეზიდენტი. ტომ ფორდი ახალ კოლექციას ნიუ-იორკის ნაცვლად ლოს-ანჯელესში წარადგენს. ტომის შოუ ხვალ, 7 თებერვალს იგეგმება. მის ახალ გადაწყვეტილებას ჯერემი სკოტის განცხადებასაც უკავშირებენ, რომელიც გასულ კვირას გაავრცელა. სკოტი ჩვენებას პარიზში გამართავს, 2020 წლის ივლისში. კვირეულს დააკლდება ტომი ჰილფიგერიც. ამ უკანასკნელმა ჩვენების ლონდონში გამართვა დააანონსა. კალენდარში ვერ შეამჩნევთ ამერიკული მოდის ლეგენდას, რალფ ლორენსაც.
უნდა ვივარაუდოთ, რომ ნიუ-იორკის პირველი დღეები ვარსკვლავების ნაკლებობის პრობლემასაც იგემებს, რადგან კვირეულს ჰოლივუდური სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი საღამო, ოსკარის დაჯილდოება ემთხვევა.
ნიუ-იორკთან შედარებით ლონდონში სტაბილურად ძლიერ შემადგენლობას ვიხილავთ. კვირეულის ჰედლაინერი დიზაინერები სრული შემადგენლობით მონაწილეობენ.
რიჩარდ ქუინი, მოლი გოდარდი, ჰალპერნი 15 თებერვალს
ვიქტორია ბექჰემი, ჩალაიანი, სიმონ როშა 16 თებერვალს
ბარბერი, ჯონათან ანდერსონი, ერდემი 17 თებერვალს
ქართველი დიზაინერი, დავით კომახიძე ახალი კოლექციის ჩვენებას 15 თებერვალს, ლონდონის დროით შუადღის 6 საათზე გამართავს.
მილანში 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე 56 ჩვენება გაიმართება. კვირეულს რამდენიმე ცნობილი ბრენდი უბრუნდება, მაგალითად: Moncler, Ports 1961, Philipp Plein. გახსნითი ღონისძიება 18 თებერვალს გაიმართება და ჩინეთის მიმართ სოლიდალური ხასიათის მატარებელი იქნება. დაგვიანებული და გაუქმებული რეისების გამო ჩინელი დიზაინერები კოლექციის იტალიაში დროულად ჩატანას ვერ ახერხებენ. სწორედ ამ მიზეზით მილანის მოდის კვირეულის ახალ სეზონს რამდენიმე ჩინური ბრენდი გამოტოვებს.
რაც შეეხება ადგილობრივ ინდუსტრიას, გუჩი იქნება პირველი დიდი ბრენდი, რომელიც ჩვენებას გამართავს. ალესანდრო მიკელეს ხელმძღვანელობით გუჩი ახალ კოლექციას 19 თებერვალს, მილანის დროით შუადღის სამ საათზე წარადგენს. ჰედლაინერ ბრენდებს შორის არიან:
მაქს მარა, პრადა, ფენდი, მოსკინო 20 თებერვალს
არმანი, ვერსაჩე, მარნი 21 თებერვალს
ფერაგამო, ბოთეგა ვენეტა, მისონი 22 თებერვალს
პარიზი ტრადიციად ქცეული დებიუტებით დატვირთული არ არის, ახალ სეზონზე დიზაინერების და ბრენდების იმ კომბინაციებს ვიხილავთ, რომლებსაც უკვე შევეჩვიეთ. პატარა სიახლე იქნება სელინში. ედი სლიმანის სელინმა მამაკაცის სამოსის მოდის კვირეული გამოტოვა. 28 თებერვალს სელინი ქალის და მამაკაცის პირველ გაერთიანებულ შოუს გამართავს.