მარჯიელაში 5 წლიანი მუშაობის შემდეგ, ბრენდის მფლობელებმა ჯონ გალიანოს კონტრაქტი გაუგრძელეს. ცნობილი არ არის დიზაინერმა რამდენ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ მინიმუმ 2-3 წელი მაინც, ჯონს კვლავ ვიხილავთ მარჯიელას შემოქმედებითი ხელმძღვანელის ამპლუაში.

ჯონ გალიანო მარჯიელას 2014 წლის ოქტომბერში შეუერთდა. მარტინ მარჯიელას მოდიდან წასვლის შემდეგ, გალიანო ბრენდის პირველი საჯარო შემოქმედებითი ხელმძღვანელია. 2008 წელს, როდესაც ყველაზე ანონიმურმა დიზაინერმა გადაწყვიტა, რომ მოდა სამუდამოდ დაეტოვებინა, მარჯიელაში გადაწყდა, რომ ბრენდის მართვის სადავეები ანონიმური გუნდის ხელში გადასულიყო.

მარჯიელა არტისანალი 2017 წლის გაზაფხული/ზაფხული

Margiela გალიანოს წინააღმდეგობრივ კარიერაში ახალი თავი გახდა, რომელიც უფრო ბედნიერი და ჯანსაღი აღმოჩნდა. დიორის 2011 წლის ტრაგიკული სკანდალის შემდეგ, ჯონის ცხოვრება აღარ ყოფილა ისეთი, როგორიც მანამდე. მის ყოველდღიურობაში და პროფესიაში ყველაფერი შეიცვალა. არსებობდა მხოლოდ 2 გზა: გადარჩენა, ან სიკვდილი. საბედნიეროდ, ინდუსტრიის გავლენიანი ადამიანების თანადგომით და სიყვარულით გალიანო გადარჩა. სკანდალიდან 3 წლის შემდეგ, ჯონი მაღალი მოდის ბრენდის სათავეში კვლავ ვიხილეთ და ეს რენზო როზოს დამსახურებაა. სწორედ მან გადაწყვიტა, რომ მოდის ყველაზე ანონიმური დიზაინერის ბრენდი მოდის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ და პირველი სელებრითი დიზაინერების თაობის შემოქმედთან დაეკავშირებინა.

მარჯიელა არტისანალი 2017 წლის გაზაფხული/ზაფხული

გალიანოს და მარჯიელას შერწყმა როგორი არაბუნებრივიც არ უნდა იყოს, ეს ის შემთხვევაა, როცა დიზაინერის და ბრენდის თანამშრომლობის გაგრძელება მაინც მახარებს, ერთი მარტივი მიზეზის გამო. ჯონი ზედმეტად ნიჭიერია საიმისოდ, რომ უმუშევარი დიზაინერების რიგებში ეწეროს.