ნიუ-იორკის მოდის კვირეულის დასრულების შემდეგ (ლინკი განრიგის შესახებ), ევროპაში 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონი ლონდონში განახლდება. ლონდონის მოდის კვირეულის ახალი სეზონი 13 სექტემბერს გაიხსნება და 17 სექტემბერს დაიხურება. ნიუ-იორკისგან განსხვავებით, ლონდონოს განრიგში რადიკალური ცვლილებები სახეზე არ არის,თუმცა ორგანოზატორებმა მაინც შეძლეს საკამათო ჰედლაინების შექმნა. 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე, მოდის 4 წამყვანი ქალაქიდან, ლონდონი გახდება პირველი, სადაც კვირეულზე დასასწრები მოსაწვევების შეძენა იქნება შესაძლებელი. ურყევი პოზიცია, რომ მოდის კვირეულზე დასასწრები მოსაწვევები არ უნდა იყიდებოდეს, არამედ დიზაინერები თავად წყვეტდნენ რომელ ჩვენებაზე ვისი მიწვევა სურთ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ლონდონს ეხება და შესაძლოა see-now-buy-now მოდელივით რამდენიმე სეზონში შეწყვიტონ.

მთავარი ჩვენებებით 16 სექტემბერია დატვირთული. სწორედ ამ დღეს ვიხილავთ: ბარბერის, ერდემის, ჯონათან ანდერსონის, ქრისტოფერ კეინის და რიჩარდ ქუინის ახალ კოლექციებს. ქართველი დიზაინერი, დავით კომახიძე ჩვენებას 15 სექტემბერს გამართავს. ამ დღეს არის ჩანიშნული ვიქტორია ბექჰემის შოუც. ეს უკანასკნელი თავის კოლექციებს ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში წარადგენდა, თუმცა მეორე სეზონია სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.

ჯიჯი ჰადიდი ბარბერის სარეკლამო კამპანიაში

მოდის ქართველი მოყვარულებისთვის საინტერესო არის კიდევ ერთი გარემოება. სამოდელო სააგენტო WILD Management – მა გაავრცელა ლონდონში 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე მოდელების დაფა, რომლებიც ქასტინგებზე იქნებიან წარმოდგენილები და აქვთ შანსი, რომ ჩვენებებში მოხვდნენ. მათ შორის არის ლიკა რიგვავა. ქართველი მოდელი გაზაფხულზე გუჩის და ვეტმანის ჩვენებებზე გამოვიდა.

ლიკა რიგვავა ვეტმანის ჩვენებაზე პარიზში