ამერიკული მოდის საბჭომ ნიუ-იორკის მოდის კვირეულის 2020 წლის გაზაფხული / ზაფხულის კოლექციების ჩვენებების განრიგი გაავრცელა. ახალი განრიგის მიმართ ინტერესი 3 თვის წინ გაღვივდა, როდესაც საბჭოს ახალმა თავჯდომარემ, ტომ ფორდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნიუ-იორკის მოდის კვირეული უნდა შემოკლდეს. ფორდის გადაწყვეტილება ამერიკული მოდისთვის აქტუალობის დაბრუნებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. 7-8 დღიანი კვირეულით ნიუ-იორკი ხშირად რჩებოდა ყურადღების გარეშე, რაც რამდენიმე ფაქტორით იყო გამოწვეული. მოდის კვირეულს უჭირს საერთაშორისო სტუმრების მოზიდვა, რასაც ბიუჯეტის პრობლემაც განაპირობებს. ევროპული ბრენდები პრესის თანამშრომლებს ტრანსპორტირების ხარჯებს უფინანსებენ. ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ეს არ ხდება, რადგან ბრენდების უმეტესობას არ აქვს ფუფუნება ჟურნალისტები დააფინანსონ. პრესას, ბლოგერებს, ფოტოგრაფებს საკუთარი ჯიბიდან უწევთ 8 დღის ნიუ-იორკში გატარება, თანაც ეს მაშინ, როდესაც კვირეულში ძალიან ბევრი უცნობი ბრენდია, რომლისთვისაც დროის და ფინანსების ხარჯვა არ უღირთ. ახალი განრიგის მიხედვით, ნიუ-იორკში ჩვენებები 7-8 დღის ნაცვლად 5 დღე გაგრძელდება და მხოლოდ მნიშვნელოვან ბრენდებს მოიცავს. კვირეული 6 სექტემბერს საღამოს დაიწყება და 11 სექტემბერს დასრულდება. ტრადიციულად, ნიუ-იორკის მოდის კვირეულს ტომ ფორდი ხსნიდა, მარკ ჯეიკობსი კი ხურავდა. 2019 წლის სექტემბერში კვირეულის დახურვის პატივი კვლავ მარკს ერგება წილად. რაც შეეხება ტომს, მისი ჩვენება პირველი დღის ნაცვლად 9 სექტემბერს გაიმართება. განრიგში გვხდებიან როგორც ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი დიზაინერები / ბრენდები: მაიკლ კორსი, პროენზა სქულერი, ჯეისონ ვუ, ბრენდონ მაქსველი, ვერა ვენგი, ოსკარ დე ლა რენტა, ჯერემი სკოტი, ასევე შედარებით ახალი სახეები, რომლებმაც მოკლე დროში დაინტერესება დაიმსახურეს, მაგალითად: პიერ მოსი და სის მარჟანი. 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ტომი ჰილფიგერის და ზენდაიას თანამშრომლობის წარდგენაც იქნება, რომელიც 8 სექტემბერს, საღამოს ცხრის ნახევარზე გაიმართება. განრიგი სრულად > CFDA.com /NYFW Schedule