ყველაზე ცნობილი ჩინელი ტრანსგენდერი ქალი ფრანგული ბრენდის კამპანიებში პირველად გამოჩნდება. სიახლე ცოტა ხნის წინ გავრცელდა, თუმცა უკვე მოიცვა ყველა წამყვანი მედია გამოცემა. 53 წლის ბალერინა და ტელეწამყვანი, Jin Xing, 1995 წელს, ჩინეთში, პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა.

ყოფილმა მოცეკვავემ პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც ჟიურის წევრად გამოჩნდა “So You Think You Can Dance”-ის ჩინური ვერსიის პირველ სეზონში. ჯინის სახალისო რეაქციებმა, კომუნიკაციის უნარმა და მიმზიდველმა პიროვნულობამ მაყურებლის გული მოიგო და ძალიან მალე, მან ჩინეთში საკუთარ გადაცემაზე მუშაობაც დაიწყო, რომელიც ეკრანებზე 2 წლის განმავლობაში, “The Jin Xing Show” -ს სახელით გადიოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინელ საზოგადოებაში ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება არსებობს, სიახლეს, მეტწილად, პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, Agility Luxury Brand Affinity -მა 40-მდე ქალაქში ჩატარებული კვლევის შედეგზე დაყრდნობით, ჩინეთში ტოპ 10 ყველაზე პოპულარული ლუქს ბრენდი დაასახელა. გაყიდვების რაოდენობით, მომხმარებელში არსებული ნდობით და მასზე გავლენით, Dior მხოლოდ Chanel -ის მოდის სახლი ჩამორჩა და რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა.