“ზრდასრულობამდე მოდის ჟურნალისთვის თვალიც არ მომიკრავს. მოდაზე როგორც კარიერაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ მას ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა. დედაჩემი, ბებიაჩემი, ჩემი დიდი ბებიაც კი, მკერავები იყვნენ, ამით ცხოვრობდნენ და გაჰქონდათ თავი, სამივეს ძალიან კარგი გემოვნება ჰქონდა,” – ამბობს უკრაინული მოდის ვარსკვლავი Net-a-Porter-თან ინტერვიუში.

ჯული პელიპასი 1984 წლის 16 ივლისს, უკრაინის ქალაქ მარიუპოლში დაიბადა. დღეს ის თავისი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ელჩია მოდის ინდუსტრიაში.

მიუხედავად იმისა, რომ მოდას, როგორც კარიერას არ მოიაზრებდა, პელიპასს ყოველთვის გააჩნდა განსაკუთრებული ინტერესი მედია გამოცემების მიმართ, ამიტომ სკოლის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩასაბარებლად მარიუპოლიდან კიევში გადავიდა. 2008 წელს, უკრაინაში Harper’s Bazaar-ის სადებიუტო ნომრის მზადებისას, ჯულის მოდაში პირველი სამსახური შესთავაზეს. ასე დაიწყო მისი კარიერა მოდის პრესაში. 2011 წელს, ჰარპერს ბაზარს მიჰყვა ვოგის უკრაინული გამოცემაც, სადაც პელიპასი მოდის რედაქტორად დააწინაურეს.

დამახასიათებელი ინდივიდუალური სტილის დამსახურებით, რომელსაც ხშირად აღწერენ, როგორც მამაკაცურს, პელიპასმა ფოტოგრაფების ყურადღება მიიქცია. ეტაპობრივად ის მოდის კვირეულის სტილის ვარსკვლავი გახდა. უკრაინელი ჟურნალისტისა და რედაქტორის ფოტოები მოდის არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ჟურნალების გვერდებზეც ხშირად ხვდებოდა.

“ეს გვერდი იყო სივრცე შთაგონებისა და შემოქმედებითი გამოხატულებისთვის, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ, სხვა არჩევანი არ მქონდა, ჩემი პლატფორმა დასახმარებლად უნდა გამოვიყენო,”-წერდა ჯული ინსტაგრამზე.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, პელიპასი აქტიურად არის ჩართული ომის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში.

აღსანიშნავია, რომ ამერიკული ვოგის ახალი სპეციალური ნომრის სტილისტიც სწორედ ჯული პელიპასია. გარეკანს უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა ამშვენებს.

Tags :