ისეთ ვიზუალურ ინდუსტრიაში, როგორიც მოდაა, ფერებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ისინი იწვევენ განსხვავებულ ემოციებს და ქმნიან სურვილს, რაც ყველაზე მთავარია თანამედროვე მოდის ბიზნესში. ჯულიენ დოსენას ხედვა Paco Rabanne -ისთვის ფერების სინთეზით ყოველთვის გამოირჩეოდა, თუმცა 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე, ფრანგი დიზაინერი კიდევ უფრო მეტ მრავალფეროვნებას გვთავაზობს.

ჩვენება 23 იანვარს პარიზში გაიმართა. როგორც კრეატიულმა დირექტორმა, ჯულიენ დოსენამ განმარტა, მარტის მაგივრად, ჩვენების იანვარში გამართვა, ბრენდს შესაძლებლობას მისცემს შემოდგომის კოლექცია გასაყიდად 2 თვით ადრე გამოუშვას.

აქვე უნდა ითქვას, რომ თუ ჩვენებას მოდის კვირეულის ოფიციალური კალენდრისგან დამოუკიდებლად მართავ, იანვრის ბოლო მართლაც საუკეთესო პერიოდია, რადგან ამ დროს, საფრანგეთის დედაქალაქში მყიდველები და პრესის წარმომადგენლები ოტ-კუტიურ მოდის კვირეულისთვის იკრიბებიან. მიუხედავად იმისა, რომ პაკო რაბანის მოდის სახლი ოტ-კუტიურ ხაზს არ აწარმოებს, ახალ კოლექციაში კუტიურისთვის დამახასიათებელი ფორმები მაინც თვალსაჩინო იყო.

შოუ Palais de Tokyo-ში, მყუდრო ატმოსფეროში მოეწყო. პატარა სივრცეში სინათლის ცვალებადობა, კონტრასტული ფერები და ბრენდის ესთეტიკისთვის დამახასიათებელი მეტალის ელემენტები კოლექციას ფუტურისტულ იერს მატებდა.