მეტ გალას სანახაობრივი წითელი ხალიჩის და გამოფენის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, ნიუ-იორკის მეტრპოლიტენის მუზეუმმა პრეს-კონფერენციას უმასპინძლა.

ანა ვინტურთან ერთად, კონფერენციაზე აშშ-ის პირველი ლედი, ჯილ ბაიდენიც გამოჩნდა. პირველმა ლედიმ პრესასთან ამერიკული მოდისა და კულტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ჯილ ბაიდენი Met Gala-ს პრესკონფერენციაზე

2022 წლის 2 მაისი – ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმი

ჯილ ბაიდენმა განმარტა, რომ მოდა არის კომუნიკაციის საშუალება, რომელიც საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირებაში გვეხმარება. პირველმა ლედიმ მაგალითად კაბა მოიყვანა, რომელიც 2 მარტს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიმართვისას ეცვა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ კაბის ფერი და მზესუმზირის ყვავილის დეტალები უკრაინისადმი მხარდაჭერას გამოხატავდა. რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაწყების შემდეგ, მზესუმზირა, რომელიც უკრაინის ეროვნული ყვავილია, სოლიდარობის და იმედის სიმბოლოდ იქცა. პირველმა ლედიმ დაამატა, რომ ის განსაკუთრებით ამაყი იყო, რადგან მიმართვისას გვერდს ამერიკაში უკრაინის ელჩი უმშვენებდა.

როგორც CNN იუწყება, ხუთშაბათს, პირველი ლედი ევროპაში მიემგზავრება, სადაც უკრაინელ ლტოლვილებს პირადად შეხვდება.