7 ივლისის გახმაურებული შოუს შემდეგ, დემნა გვასალია განაგრძობს უჩვეულო, თუმცა ამაღელვებელი ნაბიჯების გადადგმას. ფრანგული მოდის სახლის უახლესი კამპანია დღეს გამოქვეყნდა. კამპანიის სახეებს შორის ამერიკელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი და ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი არიან. მიუხედავად იმისა, რომ გვასალიას კოლექციები ვარსკვლავებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, მას შემდეგ, რაც ბალენსიაგას კრეატიული დირექტორის თანამდებობა ქართველმა დიზაინერმა დაიკავა, ბრენდი, სარეკლამო კამპანიებისთვის, ცნობილ ადამიანებთან იშვიათად თანამშრომლობს.
ჯასტინ და ჰეილი ბიბერები დემნა გვასალიას მხარდაჭერას დიდი ხანია უცხადებენ. 2016 წელს, ჯასტინმა დემნას ფოტო საკუთარ ინსტაგრამზეც გამოაქვეყნა.
რაც შეეხება ფრანგ მსახიობს, იზაბელ იუპერის და ბალენსიაგას თანამშრომლობაზე ხმები კანის კინოფესტივალზე გავრცელდა, როდესაც იზაბელი, წითელ ხალიჩაზე, ბალენსიაგას უახლესი კოლექციით წარსდგა.
ბალენსიაგას ახალი კამპანია ამერიკელმა ფოტოგრაფმა, Katy Grannan-მა გადაიღო.