გასული ათწლეულების საკულტო სერიალების და ფილმების განსხვავებული სცენარით და პერსონაჟებით გაცოცხლება კინო ინდუსტრიის მთავარ ტრენდად იქცა. ერთ-ერთი ბოლო ასეთი ნამუშევარი, რომელიც სულ ახლახანს, ივლისის დასაწყისში ვიხილეთ, “ჭორიკანას”, იგივე Gossip Girl-ის ახალი სეზონია.

‘Gossip Girl’ 2021

ახალი Gossip Girl-ის სცენარი, ნაცნობი მოვლენებიდან 8 წლის შემდეგ, კვლავაც მანჰეტენის ელიტარული კოლეჯის მოსწავლეების ირგვლივ ვითარდება. მანჰეტენის დედოფალი, Gossip Girl-ის ახალი ნაწილის ბლერ უოლდორფი, ჯულიენ ქალოუეია და ის შავკანიანია.

“ჭორიკანა”-ს პრემიერა CW-ზე 2007 წელს შედგა. ინტრიგებით, ლამაზი სამოსითა და მდიდარი პერსონაჟებით დატვირთული სერიალი, ახალგაზრდებისთვის ერთგვარი ესკაპიზმი გახდა, თუმცა, ისევე როგორც ბევრი სხვა თინეიჯერული დრამა, რომელიც 2000-იანების პირველ ათწლეულშია გადაღებული, “ჭორიკანაც” ინკლუზიურობის და მსახიობების ეთნიკური, რასობრივი მრავალფეროვნების ნაკლებობას განიცდის. ამ მხრივ ცვლილება ადვილი შესამჩნევია.

აღსანიშნავია, რომ ახალ Gossip Girl-ს 2007 წლის სერიალთან ერთი მეტად ნოსტალგიური საერთო აქვს – ეს არის ხმა, რომელიც ეპიზოდების მსვლელობისას, მანჰეტენის ახალი თაობის ინტრიგების შესახებ გვიყვება. სერიალში ნარატორად კვლავ კრისტენ ბელი დაბრუნდა.

რაც შეეხება სტილს, როგორც თითქმის ყველა სხვა სფერო, მოდის ინდუსტრიაც, გასულ ათწლეულში, დრამატულად შეიცვალა. 2007 წელს, მანჰეტენის ელიტარული კოლეჯის მოსწავლეები, არჩევანს ოსკარ დე ლა რენტას და კაროლინა ერერას მოდელებზე აკეთებდნენ, ახლა კი, მათ გარდერობში, სხვა ტრენდულ ბრენდებთან ერთად, ქართველი დიზაინერებისთვისაც მოიძებნება ადგილი.

ჯორდან ალექსანდერი, როგორც ჯულიენ ქალოუეი, ალექსანდრე ახალკაციშვილის წითელი კაბით.

ჯორდანი დემნა გვასალიას Balenciaga-ს პოპულარული სნიკერებით.

სავანა სმიტი, როგორც მონეთ დე ჰანი, დავით კომახიძის კორსეტით.

ახალი სეზონის მთავარი პერსონაჟების სტილზე კვლავ ერიკ დეიმენმა იმუშავა. 2007-2012 წლებში, სერენა ვან დერ ვუდსენის და ბლერ უოლდორფის გარდერობზე სწორედ ერიკი ზრუნავდა. როგორც ამერიკელი კოსტიუმების დიზაინერი და სტილისტი აღნიშნავს, დრო შეიცვალა, 2021 წელს, მოდა განსხვავებულია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სერიალის ახალი ნაწილი არსებულ რეალობას ერგებოდეს.

გახდება, თუ არა ახალი Gossip Girl-ის პერსონაჟების ლუქები ისეთი საკულტო და დასამახსოვრებელი, როგორიც ორიგინალი შოუს მთავარი გმირების, დრო გვაჩვენებს. მანამდე თვალი გადავავლოთ რამდენიმე გამორჩეულ კოსტიუმს ახალი ნაწილის პირველი სერიებიდან.

უიტნი პიკი, როგორც ზოია ლოტი.

ემილი ალინ ლინდი, როგორც ოდრი ჰოუფი.

სავანა სმიტი და ზაიან მორენო, როგორც მონეთ დე ჰანი და ლუნა ლა.

ევან მოქი, როგორც აკენო მენზისი.

თომას დოერთი, როგორც მაქს უოლფი.

ჯორდან ალექსანდერი, როგორც ჯულიენ ქალოუეი.