კრისტიან დიორის Lady Dior ჩანთამ დღის სინათლე პირველად 1995 წელს იხილა. მრავლისმთქმელი ფაქტია, რომ 25 წლის შემდეგ, ჩანთაზე კვლავ ვსაუბრობთ. Lady Bag-მა დროს გაუძლო და ლეგენდარული მოდის სახლის ისტორიაში საპატიო ადგილი დაიკავა, რაც პროდუქტის საკულტო სტატუსს ხაზს უსვამს.
Lady Bag-ის ისტორია 1994 წელს იწყება, როდესაც დიორის ატელიეში გადაწყვიტეს, რომ ბრენდის ელეგანტურობის და კუტიურ მემკვიდრეობის გათვალისწინებით, ახალი ჩანთა შეექმნათ. მიზანი ბესთ-სელერი პროდუქტის გამოშვება არ ყოფილა, თუმცა დიორში მალე მიხვდნენ, რომ ჩანთას თვალშისაცემი ეფექტი ჰქონდა.
ჩანთის პირველი სახელი Chouchou იყო, რაც ფრანგული ენიდან ითარგმნება, როგორც საყვარელი, ფავორიტი, ან ძვირფასი.
1995 წლის სექტემბერში, საფრანგეთის პირველმა ლედიმ, Bernadette Chirac – მა, პარიზის გრან პალეში, პრინცესა დაიანას საჩუქრად დიორის ახალი Chouchou ჩანთა გადასცა. პრინცესა დაიანა, ან როგორც მას უწოდებენ, ლედი დი ჩანთით ძალიან მოიხიბლა. დიორი დაიანას განუყრელი აქსესუარი გახდა. პრინცესა დიორის ახალი ჩანთით ჯერ არგენტინაში, შემდეგ ლივერპულში გამოჩნდა. 1996 წელს ლედი დი მეტ გალას გრანდიოზულ წითელ ხალიჩაზეც დიორით პოზირებდა.
დიანასთვის ტრენდულობა დამახასიათებელი არ იყო, მას მხოლოდ ის ეცვა, რაც მან იცოდა, რომ უხდებოდა. დაიანას სტილზე ყოველთვის საუბრობდნენ, მისი გადაწყვეტილებები ხშირად თამამი და არაორდინალური იყო.
2017 წელს, კენსინგტონში, დაიანასადმი მიძღვნილი გამოფენის კურატორმა, ელერი ლინმა აღნიშნა, რომ დაიანას და ხალხს შორის კომუნიკაციის წყარო სწორედ მისი სამოსი იყო. ლედი დი თავისი ჩაცმულობით დღემდე შთააგონებს ადამიანებს და რა გასაკვირია, რომ 1995 წელს, როდესაც მან დიორი საუკეთესო მეგობრად აირჩია, პროდუქტი მომენტალურად წარმატებული გახდა.
მის საპატივცემულოდ დიორის ჩანთას ზედმეტსახელი შეეცვალა და სწორედ ასე Chouchou გახდა Lady Dior bag. 1995 – 1997 წლებში,მსოფლიოში, დიორის 200 000 ლედი ჩანთა გაიყიდა. პროდუქტის შთამბეჭდავმა წარმატებამ დიორს უბიძგა პარფიუმერიის ერთი ხაზისთვისაც სახელად Lady Dior ეწოდებინა.
Lady Dior bag პოპულარობას დღემდე ინარჩუნებს. დიორის ორიგინალი მოდელის ფასი 2500 – 4000 დოლარამდე მერყეობს, ზომების და ფერების გათვალისწინებით.