თუ არსებობს ერთი მოდური პროდუქტი, რომელშიც ფულის გადახდა ინვესტიციასაც შეგვიძლია გავუტოლოთ, მაშინ,  პირველ რიგში, ჩვენ საკულტო ჩანთაზე ვსაუბრობთ. მისი ღირებულება კლების მაგივრად იზრდება და ამასთან, რაც ფეშენისტებისთვის მთავარია – ყოველთვის მოდაშია.

ამ სტატიაში მსურს გავიხსენო ბალენსიაგას Motorcycle Bag, რომელიც საკულტო, მუდამ ტრენდული, „ბესთ-სელერი“ ჩანთების რიცხვს მიეკუთვნება.

2001 წელს, ნიკოლა ჟესქიერი ვერ წარმოიდგენდა, რომ ჩანთა, რომელიც გაყიდვაში ეჭვებით და კამათით გამოუშვეს, რადგან ბალენსიაგაში პროდუქტის შესაძლო წარმატების არავის სჯეროდა, 19 წლის შემდეგაც, 2020 წელს ქალების საყვარელი აქსესუარი იქნებოდა.

სელებრითები ბალენსიაგას ჩანთით

ჟესქიერი ბალენსიაგას შემოქმედებით დირექტორად 1997 წელს დაინიშნა. 2000-იანი წლების დასაწყისში ბრენდი ფინანსურად სტაბილური არ იყო და მას საკმაოდ შეზღუდული რესურსებით უწევდა მუშაობა. ბიზნესის თვალსაზრისით, ტრენდული და კარგად გაყიდვადი ჩანთა საუკეთესო რამ იყო, რაც ბალენსიაგაში შეიძლებოდა მომხდარიყო, თუმცა ბრენდში ნიკოლას ხედვას ჯერ კიდევ არ ჰქონდა საკმარისი მხარდაჭერა, ამიტომ თვეების განმავლობაში ჩანთას დღის სინათლე არ უნახავს.

პირველად “Motorcycle Bag“ ფრანგმა დიზაინერმა ბალენსიაგას 2001 წლის კოლექციისთვის შექმნა. როგორც ჟესქიერი იხსენებს, ჩანთის კომერციული პოტენციალი ტოპ მოდელების და გამორჩეული სტილის მქონე ქალების დაინტერესების შემდეგ ირწმუნა.

„ბალენსიაგაში არასდროს არავის უფიქრია, რომ ეს ჩანთა შეიძლებოდა წარმატებული გამხდარიყო, მაგრამ სტუდიაში მორგებაზე მოსული ქალები, რომლებიც შემთხვევით შენიშნავდნენ,  გვეუბნებოდნენ: „ამ ჩანთას რატომ არ ყიდით? გვინდა!“ გადავწყვიტეთ, რომ ძალიან ცოტა გამოგვეშვა, სულ 25. შემდეგ დავამატეთ, კიდევ დავამატეთ და საბოლოოდ, ჩვენი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი გახდა. უნდა ითქვას, რომ ეს ჩანთა ჩვენს ბიზნესს ძალიან დაეხმარა“. – ნიკოლა ჟესქიერი.

მყიდველები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ჩანთის ხიბლი ვინტაჟურ იერშია, თუმცა ჩემი აზრით, Motorcycle Bag იდეალურად წარმოადგენს ნიკოლას ბალენსიაგას ხედვას და ზოგადად ბრენდის ფილოსოფიას, რომელიც უკვე 20 წელია „ახალი კუტიურის“ შექმნაზე დგას, ამიტომ წარმატების ფორმულა სწორედ აქ უნდა ვეძიოთ. ბალენსიაგას „ახალი კუტიური“ 2000-იანების დასაწყისში და დღესაც მარტივის, ტარებადის და ძვირადღირებულის გაერთიანებაა. ეს ჩანთა კი სწორედ „ყოველდღიური კუტიურის“ სიმბოლოა.