ბრიტანული მოდის წამყვანი ბრენდი, Burberry გახდა პირველი ძვირადღირებული ტანსაცმლის მწაროებელი კომპანია, რომელსაც ჩინეთის ირგვლივ განვითარებული მოვლენები შეეხო. უკვე რამდენიმე დღეა, რაც საერთაშორისო მედია მუსლიმი იუღურების უფლებების დარღვევისთვის, ჩინეთის მიმართ დაწესებულ სანქციებზე საუბრობს. ევროკავშირმა, 30 წლის განმავლობაში, პირველად დაუწესა ჩინეთს სანქციები. ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში, სინძიანის რაიონში თურქული მოდგმის მუსლიმი მოსახლეობა ცხოვრობს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ მონურ მდგომარეობაში აცხოვრებენ და ამუშავებენ, ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება დარღვეულია. აღნიშნულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს ჩინეთის ოფიციალური წარმომადგენლობა.

GETTY IMAGES

დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობა აისახა მოდის ინდუსტრიაზეც. რამდენიმე ბრენდმა მწუხარება გამოთქვა შექმნილ ვითარებაზე, რასაც ჩინეთის მხრიდან მკაცრი რეაქციები მოჰყვა. მათ უკვე აკრძალეს, რამდენიმე მსხვილ ონლაინ-მაღაზიაში, ისეთი ბრენდების გაყიდვა, როგორებიცაა: Nike, H&M და Adidas.

Burberry

უახლესი ინფორმაციით კი, ბარბერი არის მორიგი ბრენდი, რომელსაც ეს კრიზისი შეეხება. უკვე ცნობილია, რომ ბრიტანულ ბრენდს კონტრაქტი შეუწყვიტეს ჩინელმა ვარსკვლავებმა, Zhou Dongyu -მ და Song Weilongy-მ. ისინი სულ ახლახანს გამოჩნდნენ ბრენდის სარეკლამო კამპანიებში, რომლებიც ჩინურ ახალ წელს ეძღვნებოდა. მათი თქმით, მიუღებელია ქვეყნისთვის მსგავსი ბრალდებების წაყენება და ამის მხარდაჭერა.

გარდა ამისა, ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თამაშის, Honor of Kings-ის დეველოპერმა კომპანია TiMi Studios-მ მოდის სახლთან ერთი კვირის წინ დაანონსებული თანამშრომლობა შეაჩერა. საუბარია თამაშის ერთ-ერთი პერსონაჟის, Yao-სათვის კოსტიუმების დიზაინზე, რომელიც ბარბერის შეოქმედებითმა დირექტორმა, რიკარდო ტიშიმ შექმნა. TiMi Studios-მ ეს პერსონაჟი საერთოდ ამოიღო თამაშიდან.

TiMi Studios

ბარბერის ბოიკოტი გამოუცხადა ჩინელმა პოლიტიკოსმა, რეგინა აიფიმ.

„მიუხედავად იმისა, რომ Burberry ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბრენდი იყო, მე მხარს ვუჭერ ჩემს ქვეყანას იმ კომპანიებისთვის ბოიკოტის გამოცხადებაში, რომლებიც ტყუილებს ავრცელებენ,“ წერს პოლიტიკოსი.

პანდემიის პირობებში,ჩინეთის ბაზრის ჩაკეტვა, ნებისმიერი ბრენდისთვის ძალიან დიდი დარტყმაა. გამომდინარე იქიდან, თუ როგორი მნიშვნელოვანი ხდება ეს ქვეყანა საერთაშორისო მოდის სახლებისთვის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბარბერი აუცილებლად შეეცდება მოძებნოს გზები, რათა კვლავ შეინარჩუნოს ჩინელი მყიდველების ერთგულება.