მოდის ინდუსტრიაში ახლა ბევრი რამ ხდება. გარდა იმისა, რომ საუბარი აქტიურად მიმდინარეობს სისტემის ცვლილებაზე, ბრენდები ცდილობენ კორონავირუსის პანდემიის შედეგებზე ადეკვატური რეაგირება მოახდინონ. მსოფლიომ დაიწყო კავშირის ხელახლა აღდგენა, მაგრამ არა ჩვეული ფორმით, არამედ დისტანციურად, გარკვეული შეზღუდვებით. ბუნებრივია, ამ სფეროშიც ეძებენ ალტერნატივებს, რომ დროს მოერგონ და, ამავდროულად, არ ჩამორჩნენ მას. ამას ყველაზე თვალსაჩინოს ჩვენებების ჩატარების სხვადასხვა ფორმატი გახდის. ოფიციალურ კალენდარში თუ მის მიღმა – რამდენიმე მოდის სახლი შოუს მოწყობასთან დაკავშირებით თავის გეგმებზე უკვე აკეთებს განცხადებებს.

ჩვენ უკვე ვიხილეთ ციფრული მოდის კვირეულები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი ლონდონის მოდის კვირეული იყო, რომელიც 12-დან 14 ივნისის ჩათვლით მოეწყო. ივლისში ასევე დაგეგმილია ოტ კუტიურ, მილანის და პარიზის მამაკაცის ვირტუალური მოდის კვირეულებიც. ეს პერიოდი კომპანიებს საშუალებას მისცემს, გამოსცადონ ახალი საშუალებები, რაც მათ ნათლად დაანახებს, რეალურად რა მნიშვნელობა აქვს ტრადიციულ ფორმატს.

დღეს Fédération de la Haute Couture et de la Mode – მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სექტემბერში პარიზის მოდის კვირეული ჩატარდება. ღონისძიება შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით საფრანგეთის დედაქალაქში 28 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით მოეწყობა. ორგანიზატორების განცხადებით, კვირეული ფიზიკური შოუებით ჩატარდება, გარდა ამისა, მას სპეციალური ციფრული პლატფორმაც მიეძღვნება.

სიახლეს წინ უძღვოდა ჩვენებების ჩატარებასთან დაკავშირებით ისეთი ბრენდების განცხადებები, როგორებიცაა: დიორი და ბარბერი.

დიორის პოდიუმზე წარმოდგენილი ახალი კრუიზ კოლექციის ჩვენების ყურება საერთაშორისო აუდიტორიას 22 ივლისს ონლაინ შეეძლება.

Dior Cruise 2020 © Reuters

ჩვენება იტალიის სამხრეთ ნაწილში, აპულიაში გაიმართება (რამდენიმე თვის წინ ამ რეგიონს კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალლი მაჩვენებელი ჰქონდა). კომპანია უზრუნველყოფს მოდელების, მაკიაჟის არტისტების თუ მუსიკოსების შოუსთვის ადგილზე ჩაყვანას. ჩვენებას მცირე აუდიტორიაც დაესწრება – ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელის, მარია გრაცია ქიურის, ახლო მეგობრები, ოჯახის და გუნდის წევრები. „დედაჩემისთვის უარის თქმა არ შემეძლო,“ – განაცხადა დიზაინერმა.

„მისტერ დიორს ეყო გამბედაობა, რომ თავისი ხაზი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოეშვა; წამოდგომა და არსებულ მომენტში მოდისთვის ბიძგის მიცემა დიორის დეენემშია. რამდენიმე მიზეზი არსებობს თუ რატომ ვანიჭებთ პოდიუმის ჩვენებებს ასეთ მნიშვნელობას. პირველ რიგში, მარია გრაციასთვის და ჩემთვის ფუფუნებას ემოციები წარმოადგენს. როდესაც საქმე მოდას ეხება, არაფერს მოაქვს იმაზე დიდი ემოცია, ვიდრე ნამდვილ მოდურ შოუებს. ვიმედოვნებთ, რომ ამ ნაბიჯით შევძლებთ იმედის და ოპტიმიზმის მესიჯის გავრცელებას, ზოგი ადამიანისთვის კი ეს ამ რთულ პერიოდში თავიდან დაბადება იქნება.“

Pietro Beccari, დიორის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი და პრეზიდენტი.

აღსანიშნავია ისიც, რომ მომდევნო თვეში დაგეგმილ ოტ კუტიურის ციფრულ კვირეულში ბრენდი მონაწილეობას არ მიიღებს. სექტემბრიდან დიორი ისევ მოდის ტრადიციული კალენდრის მიხედვით გეგმავს ჩვენებების გამართვას.

პოდიუმს უბრუნდება ბრიტანული ბრენდი ბარბერიც. ჩვენების ჩატარების ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია, თუმცა, როგორც კომპანიის გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, შოუ ბუნებაში გაიმართება.

„ადამიანებს ყოველთვის ღრმა კავშირი გვქონდა ბუნებასთან. უნდა დავაფასოთ და გვჯეროდეს ჩვენი არსებობისთვის მისი მნიშვნელობის მაშინ, როცა მისი ექსტრაორდინალური სილამაზე ასე გვიტაცებს და აღგვაფრთოვანებს. სულ ცოტა ხნის წინ ერთმანეთთან კავშირი ისევ აღვადგინეთ, ამ შოუსთვის კი მინდოდა, ეს განცდები შემოქმედებითი გამოცდილების მისაღებად ჩვენი საზოგადოების წევრების ერთად თავმოყრით გამომეხატა. ჩვენებას ბრიტანეთის ეს ლამაზი, ბუნებრივი ლანდშაფტი უმასპინძლებს.“

Riccardo Tisci, ბარბერის შემოქმედებითი ხელმძღვანელი

ბარბერის ჩვენება დაგეგმილია 17 სექტემბერს და წინ უსწრებს ლონდონის მოდის კვირეულს. რიკარდოს თქმით, ეს იქნება ფიზიკური პრეზენტაცია, რომლის გამოცდაც ვირტუალურად იქნება შესაძლებელი. ადგილზე მხოლოდ კომპანიის თანამშრომლები და მოდელები იქნებიან წარმოდგენილები.

Tags :