დღეს ლონდონის მოდის კვირეული დამთავრდა. სამ დღიანი ღონისძიება უნიკალურ ვირტუალურ გამოცდილებად იქცა. წინასწარ გავრცელებული განრიგის მიხედვით, სპეციალურად მისთვის შექმნილ პლატფორმაზე ბრიტანული მოდის საბჭოს ორგანიზებით განთავსდა ფილმები, პირდაპირი ჩართვები, პოდკასტები, ვებინარები და ციფრული შოურუმები. კონტენტი ასევე მოიცავს სტატიებს და ლონდონის ვირტუალურ ტურსაც კი. ციფრულ მოდის კვირეულზე დასწრება შეუძლია ყველას და თითოეულ სტუმარს ერთ სივრცეში ერთი და იგივე ადგილი ხვდება – ამისთვის მხოლოდ ერთ საიტზე შესვლაა საჭირო: londonfashionweek.co.uk.
მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება მამაკაცის მოდის კვირეულების ჩატარების სეზონზე გაიმართა, ბრიტანული მოდის საბჭოს მხრიდან გავრცელებული კიდევ ერთი სიახლე იყო ის, რომ მიმდინარე კვირეული გენდერ-ნეიტრალურად გამოაცხადა და მასში მონაწილე დიზაინერებმა ქალის, მამაკაცის და უნისექს კოლექციები გააერთიანეს.
ციფრულ პლატფორმაზე მოისმენთ ჰუსეინ ჩალაიანის მოსაზრებებს იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ახლა აქტუალურ თემებად განიხილება: პანდემია, რასიზმი, მოდის საკამათო სისტემა, ამასთანავე, გაიგებთ, როგორ გამოიყენა დიზაინერმა დრო კარანტინში, რა ფაზაში იმყოფება მისი შემოქმედება და რას გეგმავს სამომავლოდ. სისტემური რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით მოისმენთ ბრიტანული ვოგის რედაქტორის, ედვარდ ენინფულის, და ლონდონის მერის, სადიქ ხანის, დიალოგს. გაიგებთ ბრიტანეთის მასშტაბით 13 სხვადასხვა მოდის სასწავლებლის კურსდამთავრებულების შესახებ და გაეცნობით მათ შემოქმედებას. ნახავთ ფილმს ქუდების დიზაინერის, სტეფან ჯონსის, ახალ კაფსულა კოლექციაზე. ჯარლზ ჯეფრი ლავერბოის ორგანიზებულ ლაივ პერფორმანსს. ბიანკა საუნდერსის წინა კოლექციების ახლებურ წარმოდგენას. მარკეს ალმეიდას დოკუმენტურ ფილმს, რომლითაც თავისი ახალი მდგრადი ხაზის გამოშვებას აანონსებს. საიტზე კიდევ ძალიან ბევრ რამეს შეხვდებით.
პლატფორმაზე წარმოდგენილ თითოეულ დიზაინერს მიძღვნილი აქვს საკუთარი გვერდი, რომელზეც მათ შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციაა მოცემული. გარდა ამისა, პრესას და მყიდველებს შესაძლებლობა აქვთ ონლაინ დაუკავშირდნენ ბრენდის წარმომადგენლებს, მოითხოვონ კოლექციის შესყიდვის ფორმები.
რა არის ამ ვირტუალური კვირეულის მთავარი მიზანი? როგორც ბრიტანული მოდის საბჭოს მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ქეროლაინ რაშის, განცხადებიდან ვიგებთ, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს წევრებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ დიზაინერებს არსებული ვითარებიდან გამომდინარე შესაძლოა არ ჰქონოდათ კოლექციები მზად, მაინც გადაწყვიტეს მამაკაცის მოდის კვირეულის ივნისში გენდერ-ნეიტრალურ ციფრულ პლატფორმაზე გადატანა.
„ყველაფრის მიუხედავად ვიგრძენით, რომ ეს დრო უნიკალურია და ამ პერიოდის შესახებ მოსაყოლი ისტორიები არსებობს,“ – ამბობს ის. „უნდა შეგვექმნა შესაძლებლობა წარმართულიყო დებატები იმის შესახებ თუ რას ნიშნავს წინსვლა ამ ინდუსტრიისთვის.“
შეგახსენებთ, ივლისში ციფრულ ფორმატში ჩატარდება ოტ კუტიურ მოდის კვირეულიც, რომელსაც მიყვება პარიზის და მილანის მამაკაცის ვირტუალური კვირეულები.