ყოველი წლის დეკემბრის დასაწყისში, შანელი პრესის გამოცემების ყურადღების ცენტრში ხვდება. წელიწადის ამ დროს, ფრანგული მოდის სახლი Métiers d’art კოლექციის შოუს მართავს. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიცია არც წელს დაირღვა და ბრენდმა კოლექციის პრეზენტაცია პარიზში მოაწყო, გასული კვირის განმავლობაში, შანელი ჰედლაინებში განსხვავებული მიზეზით მოხვდა.
ყველაფერი “Advent კალენდარით” დაიწყო. “Advent კალენდარი,” იგივე ლოდინის, ან საშობაო კალენდარი, ამერიკაში და ევროპაში გავრცელებული ტრადიციაა, რომელიც შობამდე დარჩენილ დღეებს აღრიცხავს. მისი მთავარი ფუნქცია ბავშვებითვის წინასაშობაო განწყობის შექმნაა. შობის წინა დღეებში, მილიონობით ბავშვი ყოველ დილას ხსნის კალენდრის თითო ფანჯარას და პატარა საჩუქარს იღებს.
აღნიშნული ტრადიცია წარმატებით დამკვიდრდა მოდის და სილამაზის ინდუსტრიაშიც. ყოველი წლის ბოლოს, ცნობილი ბრენდები მომხმარებლებს ორიგინალურ კალენდარს სთავაზობენ. კალენდარი შეიძლება იყოს ნებისმიერ ფერის, ფორმის და ზომის, მთავარია ყოველი „ფანჯარა“ საჩუქარს გვთავაზობდეს. საჩუქრების ზომას და მრავალფეროვნებას კი, კალენდრის ღირებულება განსაზღვრავს. რაც უფრო ძვირადღირებულია კალენდარი, მით უფრო მეტ საინტერესო პროდუქტს იღებს მომხმარებელი.
გასულ კვირას, სწორედ შანელის Advent კალენდარი გახდა საკამათო. ყველაფერი ტიკტოკზე ვირუსულად გავრცელებული ვიდეოთი დაიწყო. ტიკტოკის მომხმარებლების იმედგაცრუება და აღშფოთება გამოიწვია ფაქტმა, რომ შანელმა 825 დოლარად შეფასებულ კალენდარში მხოლოდ კონვერტები, ღილები, სტიკერები, მინიატურული სილამაზის პროდუქტები, დასაბანი საპონი და სხვა დაბალფასიანი უმნიშვნელო პროდუქტები განათავსა.
48 საათის განმავლობაში, ვიდეო 47 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. შედეგად, ფრანგული ბრენდის საშობაო კალენდარი ტიკტოკის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. Washington Post, Guardian, New York Times – ეს იმ გამოცემების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც შანელის კალენდრის ფასთან შესაბამისობას განიხილავენ.
სკანდალმა იმდენად სერიოზული სახე მიიღო, რომ შანელის პრეზიდენტმა, ბრუნო პავლოვსკიმ Advent კალენდართან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა. პავლოვსკიმ შექმნილ ვითარებას „სამწუხარო გაუგებრობა“ უწოდა და განმარტა, რომ ბრენდმა 2021 წელს კალენდრის პრიორიტეტად ვიზუალური მხარე აირჩია. შანელის კალენდარს საკულტო სუნამოს ფორმა აქვს, რაც საკმაოდ მიმზიდველია, თუმცა ამართლებს თუ არა ორიგინალური ვიზუალი ღირებულებას, ამასთან დაკავშირებით საზოგადოება ვერ შეთანხმდა.