2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონი 2 კვირის წინ დასრულდა. მომავალ სეზონამდე თითქმის 6 თვე გვაშორებს. ორ სეზონს შორის არსებული დიდი შუალედის შესავსებად შექმნილია კიდევ ერთი სეგმენტი,  რომელსაც მოდაში Pre-fall და Resort/Cruise/Holiday კოლექციებს ვუწოდებთ. Pre-fall გაყიდვაში, ტრადიციულად, მაისში ეშვება, ხოლო Resort/Cruise – ნოემბერში. Resort და Cruise-ს შორის არსებითი განსხვავება არ არის, ამასთან, ეს იგივეა რაც Holiday კოლექცია. დიზაინერები თავად ირჩევენ სახელს, ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ რეზორტი და კრუიზი გათვლილია იმ ხალხისთვის, ვინც ზამთრის არდადეგებს თბილ ქვეყნებში ატარებს.

დიზაინერების უმრავლესობა Resort/Cruise/Holiday/Pre-fall კოლექციებს კატალოგის სახით წარადგენს, თუმცა დაახლოებით 10 ბრენდი ჩვენებებს აწყობს და ძალიან პომპეზურ ღონისძიებად აქცევს. თუ 2 ძირითადი სეზონი ყოველთვის ნიუ-იორკში, ლონდონში, მილანში და პარიზში ტარდება, Resort/Cruise/Holiday/Pre-fall დიდი ბრენდებისთვის შესაძლებლობაა, რომ მსოფლიოს გარშემო იმოგზაურონ.

2016 წლის შემდეგ, პირველად, შანელი კრუიზ კოლექციის ჩვენებას საფრანგეთში არ გამართავს. WWD ექსკლუზიურად იუწყება, რომ ვირჯინია ვიარდის ხელმძღვანელობით, შანელის მოდის სახლი 2021 წლის კრუიზ კოლექციას იტალიაში, მომავალი წლის 7 მაისს წარადგენს.

„ძალიან აღელვებულები ვართ, რომ იტალიაში მივდივართ და კიდევ უფრო ამაღელვებელია, რომ კაპრის ვესტუმრებით. (კაპრი) ვირჯინია ვიარდისთვის ძალიან შთამაგონებელი ადგილია. ძალიან კარგი კრუიზ შოუს მზადების პროცესში ვართ.“ – შანელის პრეზიდენტი,ბრუნო პავლოვსკი.

2021 წლის კრუიზ შოუ ვირჯინიას მეორე დამოუკიდებელი – კოლექცია იქნება კარლ ლაგერფელდის გარდაცვალების შემდეგ.

Chanel Cruise 2017 by Karl Lagerfeld

პრადა 2021 წლის რესორტ კოლექციას იაპონიაში, 21 მაისს გამართავს. ზაფხულში მიუჩია პრადამ მამაკაცის ხაზის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის შოუ შანხაიში გამართა. ცხადია, რომ იტალიური ბრენდისთვის აზია ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. 2021 წლის Resort პრადასთვის იაპონიაში პირველი ჩვენება იქნება.

Miuccia Prada

მაქს მარა 2021 წლის რესორტ სეზონისთვის რუსეთს ეწვევა. იტალიური ბრენდისთვის საერთაშორისო ჩვენებები უცხო არ არის. წარსულში მაქს მარას კოლექციები ლონდონში, შანხაიში, იტალიაში და ბერლინში ვიხილეთ. მომავალი წლის 25 მაისს მოდური პრესა და მყიდველები პეტერბურგს ეწვევიან.

Max Mara F/W 2019

საერთაშორისო ჩვენებების ციკლს არ გამოაკლდება დიორიც. ჯერ უცნობია სად გაიმართება დიორის ქალის კრუიზი, თუმცა ფრანგული მოდის სახლის მამაკაცის ხაზის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, კიმ ჯონსმა დააანონსა, რომ დიორის კაცის მომავალი შოუ 5 დეკემბერს მაიამიში გაიმართება.

Dior Men F/W 2019, Credit: Photo by Swan Gallet/WWD/REX/Shutterstock