19 წლის ასაკში, ბილი აილიში Met Gala-ს მრავალწლიან ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა თანაორგანიზატორი გახდება, თუმცა სანამ მოდის ყველაზე სანახაობრივი ღონისძიების დაბრუნებას ვიხილავთ, ინტერნეტში საუბარი არ წყდება ბრიტანული ვოგის ივნისის ნომრის გარეკანზე, რომელსაც ახალგაზრდა ვარსკვლავი შეცვლილი იმიჯით ამშვენებს. ბილი დაიბადა და გაიზარდა ლოს-ანჯელესში, ის მუსიკით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული. პირველი აღიარება 2015 წელს მოიპოვა, თუმცა პოპ-კულტურის გლობალურ ფენომენად 2019 წლიდან იქცა, როდესაც გამოუშვა ალბომი, სახელწოდებით – When We All Fall Asleep, Where Do We Go და #1 ჰიტი – Bad Guy.
ამ წლების განმავლობაში, აილიშის სტილი ხშირად გამხდარა განხილვის საგანი. თინეიჯერი უპირატესობას ანიჭებდა დიდი ზომის სამოსს, რომელიც დატვირთულია ლოგოებით. სწორედ ამიტომ, 2 მაისს, როდესაც ბრიტანული ვოგის მთავარმა რედაქტორმა, ედვარდ ენინფულმა ახალი გარეკანი გამოაქვეყნა, რომელსაც ბილი ქერა თმით და გუჩის სექსუალური კორსეტით ამშვენებს, ინტერნეტში აფეთქება მოხდა.
პირველ 6 წუთში, ინსტაგრამზე, ვოგის გარეკანს მილიონი მოწონება ჰქონდა, რაც მალევე შეფასდა, როგორც რეკორდი – ბილის Vogue -ის გარეკანი გახდა პოსტი, რომელმაც ინსტაგრამზე ყველაზე სწრაფად დააგროვა მილიონი მოწონება.
აილიშის გამოქვეყნებული მეორე ფოტო, ვოგის ახალი ნომრის ფოტოსესიიდან, გახდა პოსტი, რომელმაც ინსტაგრამზე ყველაზე სწრაფად მიაღწია 20 მილიონ მოწონებას.
აღსანიშნავია, რომ 19 წლის მომღერალმა ფოტოსესიიდან, ჯამში, 8 პოსტი გამოაქვეყნა და ყველა მათგანს მინიმუმ 10 მილიონი მოწონება აქვს, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
გუშინ, ბრიტანულმა ვოგმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირველი დღეების განმავლობაში, ბილის ინტერვიუს წასაკითხად, გამოცემის ვებ-საიტს ყოველდღიურად მილიონი ადამიანი სტუმრობდა, რაც აგრეთვე რეკორდია – ბილი გახდა პირველი ვარსკვლავი, რომელმაც ბრიტანული ვოგის საიტზე მილიონიანი ტრაფიკი გამოიწვია.
გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრიტანული Vogue -ის და ბილი აილიშის ეს თანამშრომლობა, როგორც მოდის, აგრეთვე პოპ-კულტურის ისტორიაში, არა მხოლოდ 2021 წლის, არამედ დეკადის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ მოვლენად შევა.