კორონავირუსის პანდემიიდან გამოწვეული იძულებითი შესვენების შემდეგ, ბრიტანული მოდის ინდუსტრია Royal Albert Hall -ს ჩვეული ბრწყინვალებით დაუბრუნდა. ბრიტანეთის მოდის საბჭოს ორგანიზებით, 2021 წლის დაჯილდოება ლონდონში გაიმართა.
დაჯილდოების წაყვანის პატივი ბილი პორტერს ხვდა წილად. ბილი წითელ ხალიჩაზე მოსალოდნელი ექსტრავაგანტულობით წარსდგა. მას რიჩარდ ქუინის სამოსი ამშვენებდა.

რიჩარდ ქუინი წითელი ხალიჩის უკონკურენტო ვარსკვლავი დიზაინერი იყო. ქუინის სამოსი მოირგეს: პრიანკა ჩოპრამ, ელსა ჰოსკმა, ბელა პორჩმა, ედისონ რეიმ, ელა ბალინსკამ, ალტონ მეისონმა და სინდი ბრუნამ.
ელსა ჰოსკი პრიანკა ჩოპრა & ნიკ ჯონასი ელა ბალინსკა
დაჯილდოების სპონსორი და პარტნიორი გახლდათ TikTok, გასართობი ვიდეოების გაზიარებაზე დაფუძნებული სოციალური ქსელი. გამომდინარე აქედან, დაჯილდოებას პირველად დაესწრნენ ტიკტოკის ვარსკვლავები ედისონ რეი და ბელა პორჩი. როგორც უკვე ითქვა, ედისონს და ბელას ბრიტანელი დიზაინერის, რიჩარდ ქუინის კოლექციები ეცვათ.
ბელა პორჩი ედისონ რეი
სტუმრებს შორის იყვნენ მოდის, კინოს, სპორტის და მუსიკის ვარსკვლავები, მათ შორის: დემი მური, ტომ დეილი, ევან მოკი, ადრიანა ლიმა, დუა ლიპა, ეიზა გონსალესი, ჯილიან ანდერსონი, მარია შარაპოვა და ჯორდან დანი.
ჯორდან დანი მარია შარაპოვა ადრიანა ლიმა
ტომ დეილი ევან მოკი დუა ლიპა
დაჯილდოება ვირჯილ აბლოს ხსოვნისთვის პატივის მიგებით დაიწყო. Louis Vuitton -ის მამაკაცის ხაზის კრეატიული დირექტორი 28 ნოემბერს, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამერიკელი დიზაინერი სიმსივნის რთულ და იშვიათ ფორმას 2 წელი ებრძოდა.

ჯილდო მოდის ინდუსტრიაში განსაცვიფრებელი მიღწევებისთვის ტომი ჰილფიგერმა მიიღო. ამერიკელი დიზაინერი დაჯილდოებაზე მეუღლესთან ერთად გამოჩნდა. წითელ ხალიჩაზე ტომის სამოსი წარადგინეს კრის ჯენერმა და ჯორჯია მეი ჯაგერმა.

კრის ჯენერი ჯორჯია მეი ჯაგერი
წლის საერთაშორისო დიზაინერი კიმ ჯონსი გახდა. Dior-ის (კაცის ხაზის) და Fendi-ის (ქალის ხაზის) შემოქმედებითმა დირექტორმა მოცემულ კატეგორიაში პირველად გაიმარჯვა. ბრიტანელ დიზაინერს თან მსახიობი დემი მური ახლდა.

ბრიტანეთის მოდის საბჭოს დამფუძნებელთა საპატიო ჯილდო ნენსი დოჯაკას გადაეცა. ნენსი მოდის ამომავალი ვარსკვლავია. ალბანელმა დიზაინერმა პოპულარობა LVMH Prize-ის პრესტიჟულ კონკურსში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა.

მოდის ნოვატორის საპატიო ჯილდოს მფლობელი Gucci-ის კრეატიული დირექტორი, ალესანდრო მიკელე გახდა. ალესანდრომ დაჯილდოებაზე ფიზიკურად დასწრება ვერ შეძლო, ამიტომ გუჩის მოდის სახლმა მისი ვიდეო მიმართვა გაავრცელა.
იზაბელა ბლოუს სახელობის ჯილდო Dazed-ის მთავარ რედაქტორს, იბრაჰიმ ქეიმარას გადაეცა. იბრაჰიმის ხელმძღვანელობით, კონცეპტუალური ჟურნალის პირველი ნომერი მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდა. უნიკალური და ინდივიდუალური ხედვით, ახალგაზრდა სტილისტმა და რედაქტორმა აღიარება საკმაოდ მოკლე დროში მოიპოვა. იბრაჰიმი დაჯილდოებას არ დასწრებია.

განსაკუთრებული აღიარების ჯილდოს (Special Recognition Award) მფლობელი დილან ჯოუნსი გახდა. ინგლისელი ჟურნალისტი და ავტორი 1999 – 2021 წლებში, ბრიტანული GQ-ის რედაქტორის თანამდებობას იკავებდა.

ტრადიციულად, ბრიტანეთის მოდის საბჭომ 2021 წლის „ცვლილების ლიდერებიც“ დაასახელა. გამარჯვებულები გახდნენ: ვირჯილ აბლო, ალესანდრო მიკელე, დემნა გვასალია, კიმ ჯონსი, ჯონათან ანდერსონი, ბეთანი უილიამსი, გაბრიელა ჰერსთი, სტელა მაკარტნი, ფრია ალუვალია, ფიბი ინგლიში, ედვარდ ენინფული, ჰარის რიდი, ქენია ჰანტი, სამუელ როსი და ტელფარ ქლემენსი.