4 მარტს, ამერიკული მასმედიის ცნობილმა კომპანიამ, ქონდე ნასტმა Teen Vogue -ის მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე ჟურნალისტი ალექსი მაკქემონდი წარადგინა. სიახლის გავრცელებას პირველივე წუთებიდან მოჰყვა არაერთგვაროვანი რეაქცია. გასული 3 წელი, ახალგაზრდა ჟურნალისტი პოლიტიკის მიმართულებით მუშაობდა. 2020 წელს, ალექსი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებით იყო დაკავებული. მისი მოდის ჟურნალში, მთავარი რედაქტორის პოზიციაზე ხილვა საკმაოდ მოულოდნელი გადაწყვეტილება აღმოჩნდა, თუმცა ამ შეუსაბამობით გამოწვეული კამათი არაფერია იმასთან შედარებით, რაც მომდევნო დღეებში ვიხილეთ.

Condé Nast-ის განცხადების შემდეგ, ინტერნეტში გავრცელდა ალექსი მაკქემონდის 2011 წელს დაწერილი სტატუსები, სადაც ის შეურაცხყოფას აყენებს, რასისტული სლენგებით მოიხსენიებს აზიელ და ჰომოსექსუალ ადამიანებს. ჰომოფობიური და რასისტული სტატუსების გამო, ჟურნალისტმა ბოდიში 2019 წელს მოიხადა. ბოდიშის მიუხედავად, 10 წლის წინ გამოქვეყნებულმა სტატუსებმა ალექსის რეპუტაციას სერიოზული ზიანი მიაყენა.

Condé Nast-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ჯო ლიბონათიმ პრესასთან საუბარში აღნიშნა, რომ მაკქემონდი Teen Vogue -ის მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე დაინიშნა, რადგან ის იზიარებს გამოცემის ღირებულებებს და აფასებს ინკლუზიურობას. რთული სათქმელია,თუ რატომ გადაწყვიტეს ქონდე ნასტში, რომ ჟურნალისტი, რომელსაც წარსულში უკვე რამდენჯერმე მოუწია ბოდიშის მოხდა თავისი ჰომოფობიური და რასისტული ლექსიკის გამო, საუკეთესო არჩევანი იქნებოდა ვოგის ახალგაზრდულ გამოცემაში ინკლუზიური ღირებულებების წარსადგენად, თუმცა ფაქტია, რომ ისინი ასეთ მძაფრ რეაქციას არ ელოდნენ.

8 მარტს, Teen Vogue -ის ოცმა თანამშრომელმა Condé Nast-ს ღია წერილით მიმართა. თანამშრომლების თქმით, ისინი იზიარებენ იმ ადამიანების იმედგაცრუებას, რომლებიც აღშფოთებულები არიან ალექსი მაკქემონდის მთავარ რედაქტორად დანიშვნით.

Teen Vogue -ის თანამშრომლების წერილს მოჰყვა ალექსის კიდევ ერთი საჯარო ბოდიში. თვის დასაწყისში გავრცელებული განცხადების თანახმად, მან მთავარი რედაქტორის თანამდებობა 24 მარტს უნდა დაიკავოს. ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამერიკული მასმედიის კომპანია შექმნილ გარემოებასთან დაკავშირებით.