ხმაურიანი თანამშრომლობა დასასრულს უახლოვდება. როგორც საერთაშორისო პრესა იუწყება, ამერიკელი რეპერი და დიზაინერი Gap-თან კოლაბორაციას წყვეტს.
ქანიესა და გეფს შორის თანამშრომლობის დაწყების შესახებ ინფორმაცია პირველად 2020 წელს გავრცელდა. ამერიკულ ბრენდსა და მუსიკოსს შორის 10 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, მათი ერთობლივად შექმნილი პირველი კოლექციის გამოშვება კი 2021 წელს დაანონსდა. რამდენიმე გახმაურებული პროდუქტისა და ინიციატივის შემდეგ, მხოლოდ 2 წელში, თანამშრომლობა სრულდება. რაც რა თქმა უნდა იწვევს საზოგადოების ინტერესს.


CNBC-ის პირდაპირ ეთერში, ქანიემ გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა. „ყოველთვის ვოცნებობდი, რომ გეფში ვყოფილიყავი და მასებამდე საუკეთესო პროდუქტი მიმეტანა. მე მათთან განვიხილავდი რომ გაგვეკეთებინა 20 დოლარის ღირებულის პროდუქტი, რომელიც ისეთივე დონით იქნებოდა შესრულებული, როგორც წამყვანი მოდის სახლების კოლექციები,“ – აღნიშნავს ვესტი. ინტერვიუდან ასევე ვიგებთ, რომ თავდაპირველი კონტრაქტი მოიცავდა ფიზიკური მაღაზიების გახსნასაც, რაც Gap-მა არ შეასრულა. სწორედ ფასების პოლიტიკამ, კონტრაქტის დარღვევამ და კომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან უყურადღებობამ მიიყვანა თანამშრომლობა დასასრულამდე, ამბობს ქანიე.

ჩვენს მკითხველს შეგახსენებთ, რომ 2022 წლის დასაწყისში, ქანიემ Gap-თან კოლაბორაციაში ბალენსიაგაც ჩართო. ასე შეიქმნა Yeezy Gap Engineered by Balenciaga. CNBC-თან ახალ ინტერვიუში, ქანიემ ბალენსიაგას და დემნას ჩართულობასაც გაუსვა ხაზი. „მე ყველაფერი ჩავდე ამ პროექტში, გამოვიყენე ყველა ჩემი კონტაქტი, მოვიყვანე დემნა, ბალენსიაგას მთავარი დიზაინერი, ის კუტიურს ქმნის და მე მოვიყვანე გეფის კოლექციების შესაქმნელად,“ თუმცა როგორც ამერიკელი ამბობს, კომპანიამ ეს არ დააფასა. ინტერვიუ ქანიემ ტრადიციულად „ძალიან ქანიე“ ფრაზით დაასრულა:
ქანიე ვესტი: „ყველამ იცის, რომ მე ლიდერი ვარ, მეფე ვარ. მეფე სხვის სასახლეში ვერ იცხოვრებს, საკუთარი უნდა შექმნას.“