20 მარტს, ძვირადღირებული ბრენდების ფრანგული კონგლომერატის, KERING – ის ხელმძღვანელებმა კორონავირუსის პანდემიიდან გამოწვეულ სირთულეებზე ისაუბრეს. გუჩის, სან ლორანის, ბალენსიაგას, ბოთეგა ვენეთას და ალექსანდრ მაქკუინის მფლობელ კომპანიაში ამბობენ, რომ მსოფლიოში არსებული მძიმე ვითარება ქერინგს, 2020 წლის პირველ მესამედში, 15% – იანი კლებით მიაყენებს ზიანს. ზუსტ ციფრებს 31 მარტს მიიღებენ, რის შემდეგაც კიდევ ერთი კონფერენცია შედგება, რომელზეც გაჟღერდება, თუ რამდენი მილიონს შეადგენს 15% და რომელ ბრენდებზე იმოქმედა ყველაზე ცუდად მაღაზიების დროებითმა დახურვამ.

ამასთან, ქერინგში მზად არიან, რომ ბალენსიაგას და სან ლორანის საწარმოებმა საფრანგეთის ჯანდაცვისთვის სამედიცინო ნიღბები შეკერონ. ბრენდები შესაბამისი ორგანოების თანხმობას ელიან, რომ წარმოება დაიწყონ.


ძვირადღირებული ბრენდების ამერიკული კონგლომერატი, Capri Holdings, რომელიც ვერსაჩეს და მაიკლ კორსს ფლობს, ჩრდილოეთ ამერიკაში და ევროპაში მაღაზიებს ხურავს. კაპრის აღმასრულებლების თქმით, დროებითი დახურვა, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია, დასაქმებულების ხელფასებზე არ აისახება და ყველა თანამშრომელი ანაზღაურებას უცვლელად მიიღებს.


უკვე ცნობილია, რომ კორონავირუსის პანდემია მძიმედ აისახა ბარბერიზე. ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე, ბარბერის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ 24 იანვრამდე ბრენდის ახალი პროდუქტები კომერციულ წარმატებას აჩვენებდა, თუმცა მაღაზიების დახურვამ და აზიური მარკეტის ჩაკეტვამ, ბარბერის გაყიდვები 50% – ით შეამცირა. ბრენდში ამბობენ, რომ სტრატეგია არსებობს და ისინი გამოწვევებისთვის მზად არიან.


Selfridges – ს და Browns- ს შემდეგ, ლონდონში და მსოფლიოს სხვა ქალაქებში, მაღაზიებს დროებით დახურავს დავერ სთრით მარკეტიც.


ძვირადღირებული ბრენდების ყველაზე მსხვილი კონგლომერატი, LVMH, რომელიც ცნობილი ბრენდების დიდ ნაწილს ფლობს, ჩინეთიდან საფრანგეთში 40 მილიონ ნიღაბს შეიტანს. პირველი შეკვეთა, 10 მილიონი ნიღაბი, რამდენიმე დღეში იქნება ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, მოდის ყველაზე დიდი კონგლომერატი გამოიყენებს თავის ქარხნებს და სადეზინფექციო გელით უფასოდ მოამარაგებს საფრანგეთის ჯანდაცვის ორგანიზაციებს.