სიახლე, რომელსაც მოდის ინდუსტრია სამ წელიწადზე მეტია ელის, რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. ინგლისელი დიზაინერი, ფიბი ფაილო, LVMH-თან თანამშრომლობით, საკუთარ ბრენდს ქმნის.
აღსანიშნავია, რომ საკონტროლო წილის მფლობელი არა ფრანგული კონგლომერატი, არამედ ფაილო იქნება, რაც ნიშნავს, რომ მმართველობის სადავეები, როგორც შემოქმედებითად, აგრეთვე ბიზნესის კუთხით, სწორედ დიზაინერის ხელში იქნება მოქცეული. LVMH შედარებით პატარა როლს ითამაშებს ფაილოს ახალ წამოწყებაში.
ფიბი ფაილო აღიარებულია, როგორც გასული ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი დიზაინერი. ფიბიმ პირველი ყურადღება ქლოეში მოღვაწეობისას მიიპყრო, თუმცა მისი კარიერული აპოთეოზი სელინში, 2008 წელს დაიწყო. სელინის აქსესუარებისა და ტანსაცმლის თაყვანისმცემლები იყვნენ ყველა, მამაკაცები, ქალები, ახალგაზრდები და სოლიდური გამოცდილების მქონე ადამიანები. ფიბის საიდუმლო მისი დიზაინის უბრალო, თუმცა გენიალური ვიზუალი იყო. ინტელექტუალური მოდის მოყვარულებს ესმოდათ, რომ ფიბის სელინი არ იყო უბრალოდ ტრენდი ან მომენტი, ეს იყო მარადიული მოდა, რომელიც სცდებოდა ნებისმიერ დროის მონაკვეთს და მათ გარდერობში სამუდამოდ დარჩებოდა.

დეტალური ინფორმაცია ბრენდის მიზნებზე, ეს იქნება მხოლოდ ქალის ტანისამოსზე ორიენტირებული მოდის სახლი, ‘Ready to Wear’ თუ ‘Haute Couture’, იანვარში გავრცელდება.