“არც ისე დიდი ხნის წინ ფილმის დიდ ეკრანზე ყურებას გადავურჩი, ეს ფილმია House of Gucci. ბზინვარე ამბიციური, მშვენივრად გადაღებული ზღაპარი სიხარბესა და მკვლელობაზე. კინოთეატრის დატოვების შემდეგ, ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ ქარიშხალი გამოვიარე. ფარსი, თუ ჩამთრევი ზღაპარი? რამდენჯერმე ხმამაღლა გამეცინა, მაგრამ უნდა გამცინებოდა?“ – წერს ტომ ფორდი რიდლი სკოტის ახალი ფილმის შესახებ.

House of Gucci -ის პრემიერა მიმდინარე თვეში შედგა. როგორც მოსალოდნელი იყო, რიდლი სკოტის ნამუშევარმა მოდის და კინოს მოყვარულების ყურადღება დაიმსახურა. ფილმის შესახებ მოდაში ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს, თუმცა გამომდინარე იქიდან თუ რამხელაა ტომ ფორდის როლი იტალიური ბრენდის განვითარებაში, ამერიკელი დიზაინერის აზრი განსაკუთრებით საინტერესოა.


„მაურიციო გუჩის კარგად ვიცნობდი, მასთან 4 წელი ვიმუშავე, რაც ფილმშიც არის ნაჩვენები. ის 1995 წლის 27 მარტს, მილანში, ჩემი ოფისიდან რამდენიმე ნაბიჯში მოკლეს. იმ დღეს ფლორენციაში რომ არ ვყოფილიყავი, გასროლის ხმას აუცილებლად გავიგებდი. ვიცნობდი ამ ოჯახური დინასტიის სხვა წევრებსაც. რამდენჯერმე მქონდა ინტერვიუ წიგნისთვის, რომელიც ფილმის სცენარის წყაროდაა გამოყენებული.

– ტომ ფორდი.


ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ ფილმი “House of Gucci” გუჩის ოჯახის ტრაგედიაზეა გადაღებული. ის ორიენტირდება ბრენდის 100 წლიან ისტორიაში ყველაზე რთულ ეპოქაზე, როდესაც მაურიციო გუჩი მოკლეს, ხოლო მკვლელობაში ბრალდებულებას გუჩის ცოლი დააკავეს. ფორდის თქმით, მაურიციო უფრო საინტერესო პიროვნება იყო, ვიდრე მას ფილმში ვხედავთ. „მაურიციო ცხოვრებაში ბევრად საინტერესო ადამიანი იყო. მას შეეძლო ყოფილიყო ძალიან მიმზიდველი და გასაოცრად სექსუალური. კომპანიისთვის ხედვა გააჩნდა, მაგრამ ფოკუსირება უჭირდა. ძალიან მერყევი იყო.“

House of Gucci-ის ოფიციალური პოსტერი

ტომის თქმით, როგორც ყველა ფილმი, რომელიც რეალურ ამბავზეა გადაღებული, „გუჩის სახლიც“ სავსეა ისეთი სიუჟეტებით, რომლებიც სინამდვილეს არ შეესაბამება. მაგალითად, სცენა, სადაც მაურიციო ახალგაზრდა ტომს გუჩის ჩვენების შემდეგ, წარმატებას ულოცავს. სინამდვილეში, როდესაც ფორდმა ბრენდში პირველი წარმატება იზეიმა, მაურიციო უკვე ჩამოშორებული იყო ბიზნესს და ჩვენებებზეც აღარ დადიოდა.

რაც შეეხება მთავარი როლების შემსრულებლებს, House of Gucci ეკრანზე ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე ვარსკვლავურ შემადგენლობას გვთავაზობს. ლედი გაგა, ადამ დრაივერი, ალ პაჩინო, ჯერემი აირონსი, სალმა ჰაიეკი, ჯარედ ლეტო – ეს იმ არტისტების ჩამონათვალია, რომლებიც გუჩის დიდი ოჯახის წევრებს განასახიერებენ.

ფორდმა ადამ დრაივერის (მაურიციო გუჩის როლში) შესრულება დაახასიათა, როგორც „ოსტატური და ნიუანსირებული,“ მაგრამ საკმაოდ წინააღმდეგობრივი განცხადება გააკეთა ალ პაჩინოს და ჯარედ ლეტოს შესახებ: „ზოგჯერ, როდესაც ალ პაჩინო (ალდო გუჩის როლში) და ჯარედ ლეტო (პაოლო გუჩის როლში) ეკრანზე ჩნდებოდნენ, დარწმუნებით ვერც ვიტყოდი ზღაპრის Saturday Night Live-ის ვერსიას ხო არ ვუყურებდი. ლეტოს, როგორც მსახიობის, ბრწყინვალება სახის პროთეზირებით ფაქტობრივად დამარხულია.“

სალმა ჰაიეკი, ჯარედ ლეტო, ადამ დრაივერი და ლედი გაგა House of Gucci-ის პრემიერაზე

ალბათ, არავის გააკვირვებს, რომ ამერიკელი დიზაინერი ფილმის ნამდვილ ვარსკვლავად ლედი გაგას ასახელებს. სწორედ ლედი გაგა ასრულებს მაურიციო გუჩის მკვლელობაში ბრალდებულის, პატრიცია რეჯიანი-გუჩის როლს.


„ჯერემი აირონსი, როდოლფოს გუჩის როლში, შესანიშნავია. სალმა ჰაიეკი დიდებულია, როგორც ყოველთვის, მაგრამ ფილმის ნამდვილი ვარსკვლავი ლედი გაგაა. პატრიცია გუჩის როლის ხშირად გაზვიადებული შესრულებით, გაგას აქცენტი პერიოდულად მოგზაურობს მილანიდან მოსკოვში, მაგრამ ვის აღელვებს? მისი შესრულება უშეცდომოა. ყოველი გამოჩენისას მისი სახე იპყრობს ეკრანს, რაც ადვილი არ არის, როდესაც ქასტის ამდენი ნიჭიერი წევრი ცდილობს მაყურებლის ყურადღების მიქცევას.

-ტომ ფორდი.“

საბოლოოდ, ფილმმა ტომზე ემოციურად მართლაც იმოქმედა, თუმცა დადებითად არა. „ფილმის ყურების შემდეგ, რამდენიმე დღე ღრმა მწუხარებაში ვიყავი. ჩემთვის რთული იყო იუმორის და კემპის დანახვა ისტორიაში, რომელიც ასეთი სისხლიანი იყო.“ მიუხედავად ამისა, ამერიკელ დიზაინერს და რეჟისორს ეჭვი არ ეპარება, რომ გამორჩეული სამსახიობო შემადგენლობის, მშვენიერი სეტების და კოსტიუმების დამსახურებით, “House of Gucci” წარმატებული პროექტი იქნება.