24 ნოემბერს მოდის და კინო სამყაროში, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ნამუშევრის პრემიერა შედგება – რეჟისორი რიდლი სკოტი მაყურებელს მაურიციო გუჩის მკვლელობის ამბის საინტერესო ინტერპრეტაციას წარუდგენს. House of Gucci ასე ჰქვია ფილმს, რომელშიც მთავარ როლებს ადამ დრაივერი და ლედი გაგა ასრულებენ.

პრემიერამდე რამდენიმე კვირით ადრე, ჟურნალ GQ -სთან საუბარში, ტომ ფორდი შეეხო Gucci -ის ოჯახის ტრაგიკულ ისტორიაზე გადაღებულ ახალ ფილმს და აღნიშნა, რომ სცენარი შელამაზებულია. აღსანიშნავია, რომ ინტერვიუს მთავარი თემა ფორდის ახალი წიგნია, რომელიც გაყიდვაში 10 ნოემბრიდან გამოჩნდება, თუმცა გამომდინარე იქიდან, თუ რამხელაა ამერიკელი დიზაინერის როლი Gucci -ის წარმატებულ ბრენდად ქცევაში, კითხვების ნაწილი გუჩის ირგვლივაც განვითარდა.

“სანამ გადაიღებდნენ სცენარი წავიკითხე. ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, რომელიც თავად იყო მოწმე იმ ყველაფრის, უნდა ვთქვა, რომ რაღაცები შელამაზებულია. როდესაც გავეცანი პერსონაჟების დახასიათებას, თუ რა ხდებოდა, რა ეცვათ და რას აკეთებდნენ… ისინი ასეთი გლამურულები არ იყვნენ, მაგრამ ფილმს რომ ვიღებდე, მეც იგივეს გავაკეთებთი. ერთი სული მაქვს როდის ვნახავ.”

– ტომ ფორდი.

კითვხვაზე, გადაიღებდა თუ არა ფილმს Gucci -ში საკუთარი მმართველობის შესახებ, ფორდმა კატეგორიული უარი განაცხადა: “არა. არა, ნამდვილად არა. არ მაინტერესებს.”

ტომ ფორდი

Gucci-ზე საუბრისას, ტომი შეეხო ბრენდის მოქმედ შემოქმედებით დირექტორთან, ალესანდრო მიკელესთან ურთიერთობას და აღნიშნა, რომ მასთან მეგობრობს.

“დიახ, ჩვენ მეგობრები ვართ. დღეს დილით მისგან მეილი მივიღე, გუჩის ღონისძიებისთვის ლოს-ანჯელესში ჩამოდის და მკითხა, მსურდა, თუ არა შეხვედრა. ის უბრალოდ კეთილი და საყვარელი კაცია. მე ვფიქრობ, რომ მან შესანიშნავი საქმე გააკეთა გუჩიში. ჩემთვის გუჩისთან განშორება რთული იყო. მწუხარებას ბევრი წლის განმავლობაში ვგრძნობდი და მართლა მაშინ ვიგრძენი თავი უკეთ, როდესაც ალესანდრომ ხელახლა შეძლო ბრენდის დაბრუნება. მე ალესანდრო ძალიან მომწონს.”

– ტომ ფორდი.

ტომ ფორდმა გუჩის მართვის სადავეები 1994 წელს, ბრენდის საუკუნოვან ისტორიაში, ყველაზე რთულ დროს ჩაიბარა. 10 წელიწადში, ფორდმა გაკოტრებული Gucci მრავალმილიარდიან მეგა-ბრენდად აქცია.