ტომ ფორდი 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციას ნიუ-იორკის ნაცვლად ლოს-ანჯელესში წარადგენს. CFDA-ს ახალი თავჯდომარე, ფორდი WWD – სთან ინტერვიუში აღნიშნავს:

„ლოს-ანჯელესში ჩვენება ჩემთვის ძალიან ბუნებრივია. ლოს-ანჯელესი ჩემი სახლია და დიდი გავლენა აქვს ჩემს ცხოვრებაზე და სამუშაოზე, როგორც მოდაში, ასევე ფილმებში. წელს ნიუ-იორკის მოდის კვირეული ოსკარის დაჯილდოებას ემთხვევა. ბოლოს, როდესაც ეს მოხდა, შოუ ლოს-ანჯელესში მქონდა და ძალიან გაამართლა.  აქ კინოს და მოდის ძლიერი კავშირი იგრძნობა.“

ლოს-ანჯელესში ფორდის ბოლო შოუ 2015 წლის თებერვალში გაიმართა. ჩვენება ვარსკვლავებით დატვირთული იყო, ჯამში 500 სტუმარი, მათ შორის იყვნენ: ბიონსე, ჯეი ზი, გვინეტ პელტროუ, ჯენიფერ ლოპეზი და ანა ვინტური.

ტომ ფორდი, ბიონსე, ჯეი ზი ლოს-ანჯელესში

ქალის ტანსაცმლის 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონამდე, ევროპაში მამაკაცის მოდის კვირეულები გაიმართება. როგორც მილანის მოდის კვირეულის კალენდარში ვკითხულობთ, ეს სეზონი იტალიაში გამორჩეულად დატვირთული იქნება. კვირეულს რამდენიმე დიდი ბრენდი უბრუნდება. მათ შორის აღსანიშნავია გუჩი და პრადა. შანხაის შემდეგ, მიუჩია პრადამ გადაწყვიტა, რომ მამაკაცის კოლექციის ჩვენება კვლავ სამშობლოში გამართოს.

უფრო საინტერესოა გუჩის შემთხვევა. ალესანდრო მიკელეს ხელმძღვანელობით, ბრენდი უკვე რამდენიმე სეზონია ქალის და მამაკაცის გაერთიანებულ შოუს აწყობს. 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე, გუჩიმ გადაწყვიტა, რომ ძველ მოდელს დაუბრუნდეს და მამაკაცის კოლექცია დამოუკიდებელ ჩვენებაზე წარმოადგინოს. მილანის პრესტიჟულ კალენდარს პრეზენტაციების სახით კიდევ რამდენიმე დიდი ბრენდი შეუერთდება, მათ შორის: სტელა მაკარტნი და ალექსანდრ მაკქუინი.

ფოტო პრადას მამაკაცის ხაზის ჩვენებიდან (შანხაიში)

პარიზში მოულოდნელ სიახლეს სელინის მამაკაცის კოლექციის ჩვენების შესაძლო გადავადება წარმოადგენს. ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა სანდო წყაროები იუწყებიან, რომ ედი სლიმანმა გადაწყვიტა კაცის კოლექცია მამაკაცის მოდის კვირეულის განრიგში არ წარადგინოს.

ფრანგმა დიზაინერმა სელინში მამაკაცის პირველი ლუქები 2018 წლის სექტემბერში წარადგინა და მყიდველებისგან დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა. სელინში მამაკაცის ხაზის შექმნა სლიმანის სახელს უკავშირდება. ბრენდის დაარსების დღიდან ედის დანიშვნამდე, სელინი ქალის ფეხსაცმელზე, ტანსაცმელზე და აქსესუარებზე მუშაობდა.

ფოტო სელინის მამაკაცის ხაზის ჩვენებიდან

ვეტმანი დემნა გვასალიას გარეშე პირველ ჩვენებას პარიზის მამაკაცის მოდის კვირეულის ფარგლებში 17 იანვარს გამართავს. უცნობია ადგილი და სხვა დეტალები. დემნა გვასალიამ ვეტმანი 2019 წლის სექტემბერში დატოვა. ბრენდი არ აპირებს დემნას შემცვლელი შემოქმედებითი ხელმძღვანელის დასახელებას და მუშაობას გუნდური მეთოდით აგრძელებს. უცნობია ვინ არის მთავარი დიზაინერი, ან ვინ იღებს შემოქმედებით პროცესში მთავარ გადაწყვეტილებებს.

ფოტო ვეტმანის ჩვენებიდან