2001 წელს ფრანგული ვოგის მთავარ რედაქტორად კარინ როიტფელდი დაინიშნა. მხოლოდ ერთ ათწლეულში, კარინმა მოახერხა და Vogue-ის ფრანგული გამოცემა მოდის ყველაზე სკანდალურ და ხმაურიან ჟურნალად აქცია. რისკიანი, საკამათო, ირონიული და პროვოკაციული – ეს სიტყვები გვახსენდება, როცა პარიზის ვოგში კარინის ერას ვიხსენებთ. სწორედ მის სახელს უკავშირდება ცნობილი ედითორიალი Vogue Paris -ის 2007 წლის აგვისტოს ნომერში, რომელიც სახელგანთქმულმა ფოტოგრაფმა, მარიო ტესტინომ გადაიღო. კონცეფცია მარტივი, სახალისო და ამავდროულად ირონიულიც იყო.
როიტფელდმა და ტესტინომ ტოპ მოდელი, სნეჟანა ონოპკა ვოგის ლეგენდარული რედაქტორის, ანა ვინტურის ამპლუაში გადაიღეს. ფოტოსესიას წინ უძღოდა გახმაურებული ფილმის, „ეშმაკი ატარებს პრადას“ პრემიერა, სადაც ოსკარის მფლობელი მსახიობი, მერილ სტრიპი მოდის ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიანი ჟურნალის მთავარ რედაქტორად გვევლინება. მერილის პერსონაჟი, მირანდა პრისტლი ძლიერ არის შთაგონებული ვინტურით და მისი მდგომარეობით მაღალი მოდის ინდუსტრიაში.
ფილმის გამოსვლას, ინდუსტრიაში, განსხვავებული რეაქციები მოჰყვა. ყველას გააჩნდა საკუთარი აზრი, მაგრამ საჯაროდ საუბარს ბევრი ვერ ბედავდა. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება კარინ როიტფელდს, რომელმაც ღიად შეაფასა ჰოლივუდის ახალი ნამუშევარი და აღნიშნა, რომ მოდაში არავის აქვს ისეთი გავლენა, როგორიც მირანდა პრისტლის, შესაბამისად, „ეშმაკი ატარებს პრადას“ რეალობას არ ასახავს. ამ განცხადების შემდეგ, ფრანგულ ვოგში დაბეჭდილი ედითორიალი, რა თქმა უნდა, იწვევდა წინააღმდეგობრივ რეაქციებს.
Vogue Paris – აგვისტო 2007
მოდელი: Snejana Onopka
მთავარი რედაქტორი: Carine Roitfeld
ფოტოგრაფი: Mario Testino
“დაიჯერებთ, თუ არა, ჩემთვის საკმაოდ მარტივი ფოტოსესია იყო. მენტალურად მზად ვიყავი. სანამ გადაღებაზე მივიდოდი, ანას ვიდეოებს ვუყურებდი. გუნდიც ძალიან ორგანიზებული იყო, 2 საათში დავასრულეთ. ამ პროექტის შემდეგ, ჩვენებების კულისებში, დიზაინერები ხშირად ხუმრობდნენ: არაუშავს ანა თუ არ მოვა, მთავარია , სნეჟანა აქ არის!”
-სნეჟანა ონოპკა.
სნეჟანა ონოპკა 1986 წელს, სევეროდონეცკში, უკრაინაში დაიბადა. მისი საერთაშორისო კარიერა 2001 წელს, კიევში გადასვლის შემდეგ დაიწყო. 18 წლის სნეჟანამ შისეიდოსთან კონტრაქტი გააფორმა, დეკორატიული კოსმეტიკის ხაზის სახე გახდა და პირველი მილიონი დოლარიც გამოიმუშავა. უკრაინელი 2000-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ტოპ მოდელადაა აღიარებული.