ადრეული 1990-იანები ჯანი ვერსაჩეს წლებად შეგვიძლია მოვიხსენიოთ. ამ პერიოდში იტალიელმა დიზაინერმა არა მხოლოდ განსაზღვრა ტრენდები, არამედ დაამკვიდრა ხელწერა, რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალობას.
ვერსაჩეს უკომპრომისო და პროვოკაციულმა ხედვამ გაუძლო დროს და კრიტიკას, რომელიც წამყვანი გამოცემების ჰედლაინებში აქტიურად ჟღერდებოდა. “მე არ მინდა ქალები სექს ობიექტებად იყვნენ წარმოჩენილნი,” -წერდა მოდის ლეგენდარული ჟურნალისტი, სუზი მენქესი ვერსაჩეს 1992 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაზე.
Versace შემოდგომა/ზამთარი 1992 წელი



სწორედ ამ ჩვენებაზე ვიხილეთ პირველად კაბის დიზაინი, რომლის პოპულარობა დროსთან ერთად მატულობს. ტყავის ბალთებით შეკრული ე.წ. „ბონდაჟის კაბები“ 90-იანი წლებისთვის ზედმეტად თამამი განაცხადი გამოდგა. თუმცა თავდაპირველი შოკი მალევე გაქარწყლდა, როდესაც პროვოკაციული კოსტიუმით თავად დონატელა ვერსაჩე გამოჩნდა. დონატელამ კაბა მეტ გალას წითელ ხალიჩაზე მოირგო.

მას შემდეგ, ვერსაჩეს “Bondage Dress” -ის არაერთი ვერსია ვიხილეთ, მათ შორის ახლახანს – გრემის მუსიკალურ დაჯილდოებაზე. კაბა იტალიური ბრენდის თანამედროვე მუზამ, დუა ლიპამ წარადგინა.






გამომდინარე იქიდან, რომ ჯანი ვერსაჩეს მოდის ფილოსოფია დაფუძნებული იყო ქალის ძლიერ და მაცდუნებელ ბუნებაზე, დღეს უკვე არავინ კამათობს, რომ 1992 წლის შემოდგომა/ზამთრის ეს კოლექცია იდეალურად აჩვენებს ლეგენდარული დიზაინერის ხედვას და მემკვიდრეობას. მეტიც, ფეტიშისტური და სექსუალური ოტ-კუტიური, რომელიც ვერსაჩემ 3 ათწლეულის წინ შექმნა, დღემდე რჩება არა მხოლოდ ვერსაჩეს ბრენდის არამედ მოდის ინდუსტრიის იმიჯისა და ესთეტიკის მამოძრავებელ ძალად.