მოდა გლამურული ინდუსტრიაა, რომელიც თავისი მშვენიერებით უამრავი ადამიანის გულს იპყრობს, თუმცა ცოტას თუ უნახავს მისი რეალური სახე, რომელიც ხშირად, არც ისეთი ბზინვარე და მიმზიდველია, როგორსაც პოდიუმსა, თუ ჟურნალების ფურცლებზე ვხედავთ. სინამდვილეში, ეს არის სფერო, სადაც 15 წუთიანი შოუს შესაქმნელად რამდენიმე ასეული ადამიანი თვეების განმავლობაში დაუღალავად შრომობს. შესაძლოა იცნობდე მოდის ისტორიას, დიზაინერის ყველა კოლექციას, თუმცა ის, რაც პოდიუმს მიღმა ხდება, განსხვავებულ სურათს ქმნის და გვაჩვენებს მოდის ნამდვილ და ხშირად დაფარულ სახეს. კარგი დოკუმენტური ფილმები სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი. მათი საშუალებით შესაძლებელია გავეცნოთ ამ ინდუსტრიას ისეთს, როგორიც სინამდვილეშია. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო დოკუმენტურ ფილმს მოდის გამორჩეულ ფიგურებზე და მოვლენებზე.
Dior And I (2014)
დოკუმენტური ფილმი, რომელიც გვაჩვენებს ბელგიელი დიზაინერის, რაფ სიმონსის მზადებას Dior – ში მის პირველ ჩვენებამდე. რაფი ფრანგულ მოდის სახლს 2012 წელს შეუერთდა, ის იყო პირველი დიზაინერი, ლეგენდარული ჯონ გალიანოს შემდეგ, რომელმაც დიორის შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა.

Dries (2017)
30 წელია დრის ვან ნოტენი მაღალი მოდის შეუცვლელი დიზაინერია. 2017 წელს, ბელგიელმა დიზაინერმა თავის კარიერაში მეასე, საიუბილეო შოუ მოაწყო, რომელსაც დაემთხვა ფილმის ეკრანებზე გამოსვლაც. დოკუმენტური ფილმი კვალდაკვალ მიჰყვება დრისის შემოქმედებით პროცესს სტუდიიდან სახლის ჩათვლით.

Valentino: The Last Emperor (2008)
წითელი ყოველთვის ასოცირდებოდა ძალაუფლებასთან, სიბრაზესთან და სისხლთან. ის ძალიან განსაკუთრებული ფერია და მხოლოდ რამდენიმე დიზაინერს შეუძლია მისი ისე გამოყენება, რომ ვულგარული არ იყოს და პირიქით, ელეგანტურობასა და ზომიერ სექსუალურობას ასხივებდეს, ვალენტინო გარავანი კი ერთ-ერთი ასეთი დიზაინერია. 2008 წლის 4 სექტემბერს, ვალენტინომ ბრენდში თავისი პოსტი ოფიციალურად დატოვა. რასაც მოჰყვა დოკუმენტური ფილმის გამოშება: „ვალენტინო: უკანასკნელი იმერატორი“.

Diana Vreeland: The Eye Has to Travel (2011)
სანამ რედაქტორები მოირგებდნენ ინფლუენსერების როლს და ქუჩის სტილის ვარსკვლავები გახდებოდნენ ახალი კრიტიკოსები, მოდაში არსებობდა ქალი, რომლის თანამედროვე ხედვა და ნიჭი დაეხმარა ინდუსტრიას სწორი კურსის აღებაში. დოკუმენტური ფილმი ვოგის ლეგენდარული რედაქტორის, დაიანა ვრილანდის შესახებ, რომელიც მოდის ყველა მიმდევარმა ერთხელ მაინც უნდა ნახოს.

The September Issue (2009)
სექტემბერი მოდაში ყველაზე მნიშვნელოვანი თვეა. მოდის გამოცემები განსაკუთრებით დიდ დროს და ენერგიას ხარჯავენ სექტემბრის ნომრის მომზადებაზე. გარდა იმისა, რომ სექტემბერში ახალი წლის სეზონის კოლექციების წარდგენა ხდება, მაღაზიებში ეშვება გასულ სეზონებზე ნაჩვენები შემოდგომა/ზამთრის კოლექციები. დოკუმენტური ფილმი გვაჩვენებს ამერიკული ვოგის 2007 წლის სექტემბრის ნომრის შექმნის პროცესს.

Martin Margiela: In His Own Words (2020)
მაშინ, როდესაც სელებრითების კულტურას საფუძველი ეყრებოდა, სუპერმოდელების ერა იწყებოდა და დიზაინერები ვარსკვლავები ხდებოდნენ, მარტინ მარჯიელა ჩრდილში შევიდა, მისი პიროვნება უხილავი გახდა და მხოლოდ თავისი შემოქმედებით განაგრძო საუბარი. ამიტომ, არავის მოსმენა არ იწვევს ისეთ ინტერესს, როგორც მარტინის. „მარტინ მარჯიელა თავისივე საკუთარი სიტყვებით“ ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს მოდის ყველაზე ანონიმურ და მარგინალურ ფიგურაზე.

Catwalk (1995)
დოკუმენტური ფილმი მოდის ყველაზე დიდებული სუპერმოდელების შესახებ. ფილმის მთავარი გმირი კრისტი ტორლინგტონია, რომელიც 1994 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებებში მონაწილეობს. კრისტისთან ერთად, “Catwalk” – ში ჩანან: ქეით მოსი, კლაუდია შიფერი, ნაომი ქემბელი, ჰელენა კრისტენსები და სხვა აღიარებული სახეები, რომლებმაც გასული საუკუნის 90-იან წლებში, მსოფლიო დაიპყრეს.

Westwood: Punk. Icon. Activist. (2018)
თუ 60-იანები მთლიანად ჰიპების ერა იყო, 70-იანები პანკებს ეკუთვნით. პანკი იყო ახალგაზრდული სუბკულტურა, რომელიც აპროტესტებდა ყველაფერს, რაც გარშემო ხდებოდა, ის ხასიათდება წინააღმდეგობით და ანარქიით. ‘’პანკური რევოლუცია’’ კი ყველაზე ცნობილი ბრიტანული პანკ-ჯგუფის ‘’Sex Pistols’’-ის ჩამოყალიბებასთან ერთად იწყება 1975 წელს. პანკი ოდნავ მოგვიანებით მოდაშიც გამოჩნდა. დოკუმენტური ფილმი ეხება მოდაში პანკის კერპს, აქტივისტს და ლეგენდას, ვივიენ ვესტვუდს.

The Boy Who Made Shoes For Lizards (2017)
დოკუმენტური ფილმი მოდის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ, პატივსაცემ და საერთაშორისოდ ცნობილ ფეხსაცმელების დიზაინერზე. თუ თქვენ გაგიმართლათ და ფლობთ მანოლო ბლანიკის თუნდაც ერთ წყვილ ფეხსაცმელს, ან აპირებთ შეძენას, ეს ფილმი უკეთ გაგაცნობთ დიზაინერს, რომელმაც ზუსტად იცის, თუ რა მოსწონთ ქალებს.

Lagerfeld Confidential (2007)
კარლ ლაგერფელდს წარდგენა არ სჭირდება – დიზაინერი უპრეცედენტო კარიერით და შემოქმედებით, რომელიც 6 ათწლეულის განმავლობაში, ყურადღების ეპიცენტრში იყო, თუმცა მაინც ახერხებდა იდუმალების და ინტერესის შენარჩუნებას.
