27 თებერვალს, რუსული მოდის, სილამაზისა და lifestyle-მედია ინდუსტრიების წარმომადგენლებისგან უკრაინასთან ომის წინააღმდეგ წერილი გამოქვეყნდა.

„ჩვენ, დიზაინერები, სტილისტები, კონსტრუქტორები, მყიდველები (ე.წ. ბაიერები), ჟურნალისტები, პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტები – მოდისა და სილამაზის ინდუსტრიის წარმომადგენლები, ასევე Lifestyle-მედია – ჩვენი ინიციატივით ვქმნით ღია წერილს და ვაწერთ ხელს, რათა ყურადღება მივმართოთ რუსეთის მიერ, ბოლო დღეების განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე წამოწყებულ საომარ მოქმედებებს. არა ომს.“

აღნიშნული იყო წერილში, რომლის შესახებ ინფორმაცია არც ერთმა საერთაშორისოდ აღიარებულმა რუსმა სუპერმოდელმა არ გაავრცელა.

სილამაზის ფესვგადგმული სტანდარტებიდან გამომდინარე, მოდაში სლავური წარმომავლობის მოდელები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ. დღესდღეისობით, სამოდელო ბიზნესში ძალიან ბევრი წარმატებული რუსი მოდელი მუშაობს, მათ შორის ყველაზე დიდი აღიარებით ნატალია ვოდიანოვა, ნატაშა პოლი და ირინა შეიკი სარგებლობენ. თვალი გადავავლოთ მათ საჯარო პოზიციას უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით.

25 თებერვალს, ნატალია ვოდიანოვამ პირველი და ჯერ-ჯერობით უკანასკნელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას ეხება. სუპერმოდელის სიტყვათა არჩევანი მომენტალურად გახდა კამათის საფუძველი. ვოდიანოვამ არ გამოიყენა სიტყვა „ომი“, არ დაგმო ის და პოლიტკორექტულ ტექსტშიც კი, არ ახსენა სიტყვა „მშვიდობა“. ნაცვლად ამისა, ნატალიამ თავის 3+ მილიონ გამომწერს უკრაინაში ტრაგიკული სისხლისღვრა აღუწერა, როგორც „მიმდინარე მოვლენები“ და „კონფლიქტი უკრაინაში.“

ერთკვირიანი დუმილის შემდეგ, ირინა შეიკის ინსტაგრამზე პირველი პოსტი გამოჩნდა, სადაც ნახსენებია სიტყვა „ომი“, თუმცა ნეიტრალური და პოლიტკორექტული წინადადებათა წყობა და სურათი იმდენად ადვილი შესამჩნევია, რომ სუპერმოდელს პოსტსზე კომენტარების გათიშვა მოუწია.

სიჩუმე ამჯობინა მაღალი მოდის გამორჩეულმა სახემ, ნატაშა პოლიმ. ნიუ-იორკის მოდის კვირეულის შემდეგ, ინსტაგრამის პლატფორმაზე, ნატაშას არაფერი განუთავსებია.

აღნიშვნას იმსახურებს სოფია სტეინბერგიც. სტეინბერგი მოდის ამომავალი ვარსკვლავია რუსეთიდან. Models.com-ის პლატფორმაზე, ის 2021 წლის ტოპ მოდელად დასახელდა. გასული 2 კვირის განმავლობაში, ახალგაზრდა ვარსკვლავიც დუმილს ინარჩუნებს.

Tags :