„მოდის ყველაზე ხანგრძლივი სიყვარულის ისტორია, რომელიც ჩვენზე შთაბეჭდილების მოხდენას მომავალშიც განაგრძობს,“ – ასე დახასიათდა კარლ ლაგერფლედის და ფენდის 54 წლიანი თანამშრომლობა იმ ჩვენების ჩანაწერებში, რომელზეც დიზაინერის იტალიური ბრენდისთვის შექმნილი ბოლო ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. ჯერ კიდევ უცნობია ვინ მოირგებს იმ როლს ფენდიში, რომელიც ლაგერფელდს ამდენი წლის განმავლობაში ჰქონდა, მაგრამ მოდის სახლს კარლთან გამომშვიდობება ჯერ არ დაუმთავრებია, ამის თქმის საფუძველს კი ბრენდთან დაკავშირებული სიახლე იძლევა.

კარლ ლაგერფელდის ფენდისთვის შექმნილი ბოლო კოლექციის ჩვენება

4 ივლისს რომში ფენდის ოტ კუტიურ შოუ მოეწყობა, რომელიც კარლს მიეძღვნება. ბრენდის ბოლო ოტ კუტიურ ჩვენება რომში სამი წლის წინ გაიმართა. შოუ საიუბილეო იყო. მაშინ ფენდი დაარსებიდან 90 წელს აღნიშნავდა. მოდელებმა კოლექციად გარდაქმნილი ლაგერფელდის იდეები ტრევის შადრევანზე, პირდაპირ წყალზე მოწყობილ პოდიუმზე წარადგინეს და მაყურებელს დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზეს. როგორც თავად კარლმა აღნიშნა, ფედერიკო ფელინის La Dolce Vita – დან ანიტა ეკბერგის სცენის შემდეგ, ეს ჩვენება შადრევანთან დაკავშირებული ყველაზე საინტერესო მომენტი იყო.

Fendi Fall/Winter 2016 Haute Couture.
Photos: Monica Feudi 

ამ ეტაპზე უცნობია დაანონსებული ჩვენების ჩატარების ზუსტი დრო და ადგილი, თუმცა, როგორც ფენდის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, პრეზენტაციის შემდეგ კოლექცია, რომელიც სილვია ვენტურინი ფენდის შემოქმედებით სტუდიასთან თანამშრომლობით შეიქმნება, რომში გამოიფინება.